რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს ამით უკრაინის ომის გაგრძელებას?! - Financial Times | Allnews.Ge

რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს ამით უკრაინის ომის გაგრძელებას?! - Financial Times

ბრიტანული გაზეთის "ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) დღევანდელ, 31 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული მოცულობის თხევადი გაზის იმპორტს ახდენს" (ავტორი - ელის ჰენკოკი). მასალაში განხილულია საკითხი, თუ რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს თავისი მოქმედებით უკრაინის ომის გაგრძელებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ევროკავშირი მიმდინარე წელს რუსული თხევადი გაზს იმპორტს რეკორდული მოცულობით ახორციელებს და ეს ხდება იმ დროს, როცა ბრიუსელს განზრახული აქვს ციმბირული საწვავის შეტანა 2027 წლამდე მთლიანად შეწყვიტოს.

2023 წლის პირველ შვიდ თვეში ბელგია და ესპანეთი მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ მსოფლიოში რუსული თხევადი გაზის შესყიდვის მოცულობით და ამ მხრივ მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებიან. ამას მოწმობს დარგობრივი მონაცემების ის ანალიზი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ Global Witness-მა წარმოადგინა.

მთლიანობაში, მიმდინარე წელს, რუსული "ცივი" (თხევადი) გაზის იმპორტის მოცულობა, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 40%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა იმით აიხსნება, რომ ადრე ევროკავშირი თხევადი გაზის შესყიდვებს მცირე რაოდენობით ახდენდა, რადგან ბუნებრივი საწვავის ძირითად რაოდენობას მილსადენების ("ჩრდილოეთის ნაკადების") მეშვეობით იღებდა.

Global Witness-ის ანალიტიკური დასკვნები ეფუძნება დარგობრივი კომპანიების მონაცემებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ევროპა მიმდინარე წელს რუსეთიდან 1,7-ჯერ მეტ გაზს იღებს, ვიდრე გასულ წელს. იანვრიდან ივლისამდე იმპორტირებული გაზი, ფულადი გამოხატულებით, 5,29 მილიარდ ევროს შეადგენს.

"ეს გასაოცარია. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც თითქოსდა დაბეჯითებით ცდილობენ უარი თქვან რუსულ გაზზე, [გამოდის, რომ "პირობას არ ასრულებენ"] - უბრალოდ, მილსადენურ გაზს ტანკერული, თხევადი გაზით ანაცვლებენ", - ამბობს Global Witness-ის თანამშრომელი ჯონათან ნორონია-განტი, - ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ევროპა რით იღებს გაზს - მილსადენით თუ გაზმზიდი ტანკერით... მთავარი ისაა, რომ ევროპული ქვეყნები და მათი კომპანიები ძველებურად აძლევენ ვლადიმერ პუტინს მილიარდებს სამხედრო მოქმედების გასაგრძელებლად".

ევროკავშირის სახელმწიფოები ციმბირული გაზის დიდ მოცულობას რუსეთის კუთვნილ იამალის ნახევარკუნძულზე, პოლარული წრის მიღმა, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთობლივი საწარმოს "იამალის" (Yamal LPG - Liquefied natural gas) მეშვეობით იღებენ, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი რუსულ კომპანია "ნოვატეკს" ეკუთვნის. აქციების დარჩენილ ნაწილს ფლობს ფრანგული "ტოტალენერჯი", ჩინური CNPC და ჩინეთის სახელმწიფო ფონდი. სხვათა შორის, Yamal LPG საექსპორტო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი შეაქვს.

ისე გამოდის, რომ იმ დროს, როცა ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რუსეთში მაინც შედის ევროპიდან მრავალმილიარდიანი შემოსავლები. უფრო მეტიც: რუსული გაზის ასეთი დიდი მოცულობით იმპორტი ევროკავშირს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის - კრემლს ხომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს ევროპისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, როგორც ეს გასულ წელს იყო მილსადენური გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. იხილეთ სრულად

myquiz