რუსეთიდან გაზის იმპორტი 155%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - შემცირდა | Allnews.Ge

რუსეთიდან გაზის იმპორტი 155%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - შემცირდა

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის იმპორტი წლიურად 18%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ მიმდინარე გასული წლის 7 თვეში ქვეყანამ 237.331 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წელს იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 280.423 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო გაზს მხოლოდ 2 ქვეყნიდან - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, წელს რუსეთიდან იმპორტი 154.6%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან კი 4%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთში 83.541 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 32.809 მლნ დოლარის. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ იმპორტი 204.522 მლნ დოლარიდან 196.881 მლნ დოლარამდე შემცირდა.

მიუხედავად რუსეთიდან ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას მთლიან იმპორტში 70.2% უკავია. თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.

myquiz