რამდენი დახარჯა "ქართულმა ოცნებამ" რთველის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ? | Allnews.Ge

რამდენი დახარჯა "ქართულმა ოცნებამ" რთველის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ?

"ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით, რომ მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეთ ჩაუბარებელი," - ეს ციტატა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიასია, რომელმაც ხალხს 2023 წლის რთველის სუბსიდირების დეტალები გააცნო.

მართალია, გასაცემი თანხა შემცირდა და წინა წელს 1 კგ-ზე თუ 35 თეთრს შეადგენდა, წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრი იქნება, მაგრამ მოჯადოვებული წრე ვერ სრულდება და მთავრობა ამ დარგში სუბსიდიის საჭიროებაზე კვლავ საუბრობს.

2022 წლის რეკორდულ თანხასთან, 150 მილიონ ლართან შედარებით, 2023 წელს გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად ნაკლები, 50 მილიონია, თუმცა ეს არა ხელისუფლების პოლიტიკის, არამედ იმის შედეგია, რომ, როგორც ოთარ შამუგია ამბობს, "წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე."

წელს ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1 კგ ყურძენზე გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს.

სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან, რუსული ემბარგოს პერიოდში იწყება, თუმცა ამ პერიოდში გამოყოფილი თანხა შედარებით მცირე იყო.

ვითარება რადიკალურად იცვლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაგალითად, თუ 2011 წელს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 8.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012-ში ამ თანხამ 47 მილიონი შეადგინა.

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ირკვევა, საერთო ჯამში, 2012-2016 წლებში რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, საერთო ჯამში, 206 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

2012-2016 წლებში გამოყოფილი სახსრები:

  • 2012 – 47 მლნ;
  • 2013 – 32 მლნ;
  • 2014 – 31 მლნ;
  • 2015 – 60.7 მლნ;
  • 2016 – 36 მლნ.

2017 წელს მთავრობამ მიდგომა შეცვალა და რთველმა მასიური სუბსიდირების გარეშე ჩაიარა. მიზეზად კი ექსპორტისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა დასახელდა. კახეთის რეგიონში რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცა.

მიუხედავად ამისა, ამ წელს კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელი და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენი არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრი მიიღეს. სუბსიდია შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე 2 ლარი). იხილეთ სრულად

myquiz