“ბინის პატრონებს უცხოელი მდგმურები ურჩევნიათ, რადგან ისინი ორ-სამჯერ მეტს უხდიან“ - ბინის ძვირად გაქირავების ცდუნება და საფრთხეები | Allnews.Ge

“ბინის პატრონებს უცხოელი მდგმურები ურჩევნიათ, რადგან ისინი ორ-სამჯერ მეტს უხდიან“ - ბინის ძვირად გაქირავების ცდუნება და საფრთხეები

უძრავი ქონების ფასების ზრდის პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ქირის, გირაოსა და ყიდვის ფასები თითქმის გაორმაგდა. ამასთან, უძრავი ქონების მესაკუთრეები ამბობენ, რომ ქირის ფასების ზრდასთან ერთად, გაქირავების რისკიც გაიზარდა. ხელშეკრულება პატრონს არ იცავს ბინის დაკარგვისგან. როგორც ბინის დაქირავების მსურველი ნუნუ ალიმბარაშვილი­ ამბობს, რამდენიმე კვირაა ათას ლარად ცდილობს ერთოთახიანი ბინის დაქირავებას, სადმე, მეტროსთან ახლოს, მაგრამ როგორც გაირკვა, ბინის პატრონებს უცხოელი მდგმურები ურჩევნიათ, რადგან ისინი ორ-სამჯერ მეტს უხდიან.

- ჩემი ახლობელი, რომელიც საბროკერო კომპანიაში მუშაობს, ცდილობდა დამხმარებოდა. დიდი წვალებით ვიშოვეთ ბინა 750 ლარად, მაგრამ სამი თვის შემდეგ პატრონმა დაცლა მოგვთხოვა. ალბათ, უცხოელი იპოვა, რომელიც ორჯერ მეტს გადაუხდის. რადგან ახლობელი იყო ჩარეული, ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია და ვერც ვერაფერი მოვთხოვეთ. ჩემი შვილი იძულებული გახდა, ერთწლიანი აკადემიური აეღო და ევროპაში წავიდა სამუშაოდ. მაშინ გავიგეთ, რომ აკადემიური უამრავ სტუდენტს აუღია - კატასტროფულად გაზრდილ ბინის ქირას ვერ იხდიდნენ. ზოგი დამქირავებელი ვითომ უკრაინას უცხადებდა სოლიდარობას, იმ ქვეყნის დროშა ეკიდათ, თუმცა რომ დასჭირდათ, მაშინვე ჩამოხსნეს და რუსეთის მოქალაქეები შეუშვეს. რამდენიმე დღის წინ 500 ლარად გვაჩვენეს ბინა (35 კვ), სადაც არ იყო გაზი, გათბობა, ცხელი წყალი დენზე უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავს, რომ კომუნალურებში 300 ლარი უნდა გადაგვეხადა. მოკლედ ბინის გამქირავებლები უშვებენ იმას, ვინც მეტს გადაუხდის.

ლევან კაპანაძე, საბროკერო კომპანიის თანამშრომელი:

- ახლა ისეთი ბუმი აღარ არის, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო. ამის მიუხედავად, უძრავი ქონების პატრონები მაინც არ ჩქარობენ ქართველების შეყვანას. რამდენიმემ ისიც კი მითხრა, ახლა რუსეთში სამხედრო მობილიზაციის კიდევ ერთი ეტაპის გამოცხადებას აპირებენ, ამას რუსეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა თუ დაემატა, მერე ნახეთ ფასები როგორ აიწევსო. რამდენიმეს, ვისაც ორი-სამი ან მეტი ბინა აქვს გასაქირავებელი და ჩვენთან წლებია თანამშრომლობს, მდგმურებს რუსეთიდან ჩამომსვლელთათვის ბინების მოძიება მოსთხოვეს. ვაკესა და თავისუფლების მოედანს, მთაწმინდის მიმდებარე რაიონებს ანიჭებენ უპირატესობას, სრული კომფორტით, საპარკინგე ადგილით... თავიდან ზოგი ამბობდა, რომ ბელარუსიდან ან უკრაინიდან იყვნენ, თუმცა, როდესაც საქმე ხელშეკრულების გაფორმებამდე მივიდოდა, ვეღარ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ ომს გამოექცნენ და არ უნდათ შვილები ძალადობრივ რეჟიმში გაზარდონ... ბინის პატრონებს ვეუბნებით, რომ არსებობს რისკი, რომ მათ ქირა ვერ გადაიხადონ, რადგან შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებამ წამოსულების ქონების კონფისკაცია მოახდინოს, დაუბლოკოს საბანკო ანგარიშები, რის შემდეგაც ისინი 800-900 დოლარის გადახდას ვეღარ შეძლებენ, მაგრამ პატრონი ქუჩაში ვერ გააგდებს, რადგან კანონით უფლება არა აქვს. მქონია გამოცდილება, ვაკეში, წყვილი ორი მცირეწლოვანით 1.300 დოლარს უხდიდა ბინის პატრონს სამი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ვეღარ შეძლეს - პრობლემები გვაქვს, მოვაგვარებთ და გადახდას გავაგრძელებთო, მაგრამ ორ თვეზე მეტია მუქთად ცხოვრობენ. პატრონი ვერაფერს გახდა. რაც შეეხება უკრაინელებს, ლაპარაკია მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. დიდი ალბათობით, ვერც მათი გამოსახლების უფლება ექნებათ. ამიტომ ვეუბნებით, არ გირჩევნიათ, 1.000 ლარი დაადოთ ფასი და 7-თვიანი ხელშეკრულების ნაცვლად ქართველი მდგმური შეიყვანოთ, სტაბილური მოქირავნე, ორი ან სამი წლით, მაგრამ უარზე არიან.

ჩემი გამოცდილებით, ბინაში რაიმე ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში რუსიც და უკრაინელიც ამბობს, რომ ნივთი თავიდანვე უხარისხო იყო, ამხელა თანხას იხდის და პატრონი ვალდებულია შეაკეთოს ან გამოცვალოს. ამ რისკების მიუხედავად, ბინის მესაკუთრეები მაინც უარს ამბობენ ქართველებზე.

ახლა სამი ბინა მაქვს, 45 კვ-დან 70-მდე, მაგრამ ყველაზე პატარა ბინას 600 დოლარს ადებენ. ქართველი ვერ გადაიხდის, ამ ეტაპზე რუსების შემოდინება შეჩერებულია, უკრაინელები კი, უკვე დაბინავდნენ.

- თუმცა ფასები არ იკლებს.

- არა, 13%-ით გაიზარდა ბინის ყიდვის ღირებულება. ძალიან ბევრი მესაკუთრე თავს იზღვევს რისკებისგან და ბინას ყიდის, ოღონდ შარშან თუ 45 კვმ-იანი ბინის ღირებულება, ევრორემონტით, ახალაშენებულ კორპუსში, 40 ათას დოლარამდე ღირდა, ახლა ერთი კლიენტი მეუბნება, თუ ვერ გავაქირავებ, 52 ათას დოლარად გავყიდიო. მართალია, პანდემიის დროს და შემდეგაც სამშენებლო მასალაც გაძვირდა, მაგრამ უძრავი ქონების გაძვირებაში მთავარი განმსაზღვრელი უცხოელების შემოდინება მგონია.

ჩემი მუშაობის გრაფიკმა აჩვენა, რაც უფრო მძიმდება რუსეთში ვითარება, ანუ რაც მარცხისკენ მიდის ქვეყანა, უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მის დატოვებას. ამბობენ, საქართველოში თავს სტაბილურად და კომფორტულად ვგრძნობთო. ამიტომ, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში წასვლის პერსპექტივა არ გაუჩნდათ და მართლა არ დაუბლოკეს ანგარიშები, წასვლას არ გეგმავენ.

ფასების მატება მხოლოდ თბილისს არ ეხება. უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, ბათუმში, ქუთაისში, წყალტუბოში, რუსთავში, ზუგდიდში. მოქირავნეები კი არიან რუსები, ბელარუსები, უკრაინელები. ზოგი ბინის პატრონი გაქირავებას ვერ რისკავს და ბინას თავის ღირებულებაზე სამჯერ მეტად ყიდის, კლიენტები, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები არიან.

ბინის გაქირავების თუ დაგირავების საკითხი საქართველოს დიდ ქალაქებში ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ სიტუაცია იქაც შეიცვალა - მათ მფლობელებს საბაზრო ფასზე ბევრად მეტი თანხა შესთავაზეს. სხვა საკითხია, რამდენად სტაბილური იქნება ასეთი ფასი და გრძელვადიან პერსპექტივაში ვინ დარჩება მოგებული. გასაგებია, რომ სამუდამოდ ვერც ერთი რუსი ვერ დარჩება ქართველი მესაკუთრის ბინაში, მაგრამ გასათვალისწინებელია ხარჯები, ცვეთა, რემონტი, დაზიანებული ავეჯი. განაგრძეთ კითხვა

myquiz