რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მთავრობა გაისად და როგორი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 2022 წელი - ლევან დავითაშვილის პასუხები | Allnews.Ge

რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მთავრობა გაისად და როგორი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 2022 წელი - ლევან დავითაშვილის პასუხები

ომი უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები, გაზრდილი მიგრაცია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი - ეს ის ძირითადი შედეგებია, რითაც 2022 წელი სრულდება, თუმცა გლობალური კრიზისის ფონზე საქართველო მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხვდება, მთავრობა შედეგებით ამაყობს და მეტიც, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით ახალ ინიციატივებს აანონსებს. რა ფაქტორებმა განაპირობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს უჭირთ, რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება და რა ხედვა აქვს ეკონომიკურ გუნდს უკვე 2023 წლისთვის - 2022 წლის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

- ბატონო ლევან, 2022 წელი სრულდება, ამიტომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის შეჯამებით დავიწყოთ - როგორი წელი იყო ის ქვეყნისთვის ზოგადად და კონკრეტულად ეკონომიკისთვის? რა დადებით და უარყოფით ტენდენციებს გამოყოფდით?

- რა თქმა უნდა, 2022 წელი გამოწვევებით იყო სავსე. 2021 წელიც არ იყო მარტივი, პანდემიის პერიოდში ვიმყოფებოდით და 2022 წელს ეს გამოწვევები გაგრძელდა და გაგრძელდა მრავალი კუთხით. ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას და სოციალურ ცხოვრებას, ეს ეხება უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს. რეგიონში უახლოეს მეზობლებს შორის მიმდინარეობს ომი. საომარმა ვითარებამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაურკვევლობა შექმნა ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა ის, რომ გამოწვევების გამკლავების უნარი და მდგრადობა ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გააჩნია ეკონომიკური გამოწვევების გამკლავების უნარიც, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დადასტურდა. საქართველო ერთ-ერთი ის იშვიათი ეკონომიკა იყო, რომელმაც 2021 წელსვე მოახდინა კოვიდის შედეგების აღმოფხვრა და თუ ჩვენ 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ, ეკონომიკა 2019 წელთან მიმართებითაც გაიზარდა. ეს ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა და ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.

- რა ფაქტორებმა განაპირობა ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლა მაშინ, როცა მსოფლიოს და თუნდაც მხოლოდ რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისია? ასევე, საინტერესოა, რით აპირებს მთავრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ზრდა გრძელვადიან პერიოდშიც იყოს გარანტირებული?

- საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიყოლებით. ეს არ იყო მარტივი მისაღწევი. განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა. ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. იცით, რომ ამ მიმართულებით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ჩვენ 2019 წლის მონაცემებსაც გადავასწარით. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს განპირობებულია იმით, რომ სამინისტროს პოლიტიკა გვაქვს სრულად ადეკვატური. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა. ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით.

- მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ, თუმცა ეს მაჩვენებლები რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას არ ეტყობა - მეტიც, ფასები გაიზარდა, ხარჯებმა შემოსავლებს გაასწრო, შედეგად კი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონე გაუარესდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან ემიგრაციაში, რათა საკუთარი ოჯახები გამოკვებოს. რატომ ვერ გრძნობენ მოქალაქეები ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს? რაშია პრობლემა?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, მოგვყვება ეკონომიკაში სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის უმუშევრობა, დასაქმების გამოწვევა და ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ცხოვრებასა და სოციალურ ფაქტორებს უკავშირდება, მათ შორის სიღარიბე - ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, არც ერთი და არც ორი წლის ეკონომიკური ზრდა სრულად ამ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის მიღწევებზე, არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კეთილდღეობაში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეკონომიკის კარგი შედეგებით შეიძლება დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მათ შორის გლობალურმა პრობლემებმა შექმნა, არის მაღალი ინფლაცია. მთელს მსოფლიოში მაღალი ინფლაცია პოსტპანდემიური ეფექტიცაა ეკონომიკაში. თუ შევხედავთ მეზობელ ქვეყნებში ან წარმატებულ და ძლიერ ეკონომიკებში როგორია ინფლაციის დონე, დავინახავთ, რომ ამ ტენდენციაში საქართველოს შედეგები უკეთესიცაა. ჩვენ დავინახეთ, რომ მაისის თვეში იყო ინფლაციის პიკი და ტენდენცია არის დადებითი. ჩვენი პროგნოზით, 2023 წლის უკვე მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს იმიტომ, რომ შემცირების ტენდენციას ჩვენ ვხედავთ. ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებდა მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა ეროვნულ ბანკს და ასევე, ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა მთავრობას. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, ვატყობთ, რომ ფასები შემცირებულია ენერგომატარებლებზე, წამლებზე, მედიკამენტებზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ ინფლაციურ წნეხზე მოქმედებს და ჩვენი მოლოდინით, წლის ბოლო თვეში ინფლაცია იქნება ერთნიშნა და არა ორნიშნა. როცა ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ასეთ პირობებში ჩვენი გამოწვევა უნდა დაიძლიოს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული მიზნობრივი სოციალური დახმარებით და კომპენსირების პროგრამებით, იგივე სუბსიდირებით, რასაც პასუხისმგებლიანი მთავრობები აკეთებენ, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. იცით, რომ ენერგომატარებლებზე, მათ შორის კომუნალური ხარჯები არ გაზრდილა. საქართველო იშვიათი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ეს არ გაზრდილა. ეს ყველაფერი მოხდა ირიბი სუბსიდირებით. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილის დასაქმება, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, 15% -მდე დავიდა უმუშევრობის დონე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს და მიზანს მივაღწიეთ. მიზნისთვის რომ მიგვეღწია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

რაც შეეხება ემიგრაციას, რიცხვებით შევხედოთ - 20-წლიან პერიოდში მიგრაცია მუდმივად იზრდებოდა. ეს „საქსტატის“ მონაცემებია. მიგრაციის სალდოს თუ დავაკვირდებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ის სამწუხაროდ, სულ უარყოფითია. მიგრაციის სალდო დადებითი მხოლოდ 2020 წელს გვქონდა, რაც პანდემიამ განაპირობა. იხილეთ სრულად

myquiz