ევროპა რუსული გაზის გარეშე- როგორ ემზადება ევროპა ზამთრისთვის? | Allnews.Ge

ევროპა რუსული გაზის გარეშე- როგორ ემზადება ევროპა ზამთრისთვის?

ევროპამ გაზსაცავების თითქმის შეავსო, ამასთან, იზრდება Tap-ით გაზის მოცულობის მიწოდება, მატულობს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტიც, თუმცა ევროპელები თავს „იზღვევენ“ და მომავალი ზამთრისთვის შეშას იმარაგებენ.

ამავდროულად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საკუთარი ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და აცხადებს, რომ გაზის სრულფასოვან მიწოდებას მხოლოდ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში განაახლებს.

რუსული პროპაგანდა - „დღე ხვალის შემდეგ“

„ზამთარი გრძელი იქნება, აი, გახედე მდინარეს გაღმა,

ყვითელ ხელს იქნევს ჩუმად მომაკვდავი შემოდგომა,

მზე ნამქერს გაალღობს და გაზაფხულზე დაბრუნდება,

მაგრამ ზამთარი გრძელი იქნება - მხოლოდ მწუხრი და თოვლია ახლა“

საბჭოთა პოეტის, იური ვიზბორის სიმღერად ქცეული ამ ლექსის ფონზე აქვეყნებს რუსული „გაზპრომი“ ახალ ვიდეოს და ევროპას აპოკალიფსურ ზამთარს უწინასწარმეტყველებს. ვიდეო მილსადენში გაზის დინების ჩამკეტის ნულამდე გადაწევით იწყება, რის შემდეგაც მთელი ევროპა ცივი ზამთრის სუსხში ეხვევა.

1200x-1-1662697864.jpg

ეს „გაზპრომის“ მიერ ევროპის „წაკბენის“ პირველი მცდელობა არაა და პროპაგანდის იმ ხაზის ნაწილია, რომლის თანახმადაც, რუსული გაზის გარეშე მთლიან კონტინენტს გამყინვარება ემუქრება. ამ ვიდეომდე „გაზპრომი“ იმითაც აშინებდა ევროპას, რომ ზამთარში გაზის ფასი 60%-ით გაიზრდებოდა და 1,000 კუბურ მეტრზე 4,000 დოლარს გადასცდებოდა.

მილსადენ Nord Stream 1-ით მიწოდება განუსაზღვრელი ვადითაა შეწყვეტილი, ევროპაში კი უკვე ემზადებიან პირველი ზამთრისთვის რუსული გაზის გარეშე. თუმცა ეს მარტივი არ იქნება - წლების განმავლობაში არასანდო პარტნიორის ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულების გვერდითი ეფექტები სწორედ ახლა იჩენს თავს და მეტასტაზებივით ვრცელდება.

მიწოდების შეწყვეტის გამო ენერგიის ფასები და შესაბამისად, ინფლაცია კონტინენტზე რეკორდულ ნიშნულს აღწევს და რეცესიის წინაშე მყოფ ევროგაერთიანებას დამატებით აზარალებს.

ჯერ იყო პანდემია და ლოკდაუნები, შემდეგ კი რუსეთის ომი უკრაინასთან და მის შედეგად კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება - საკვების, საწვავისა თუ მომსახურების ფასების რეკორდული ზრდა, რაც ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აწვება ტვირთად. განაგრძეთ კითხვა