ლიზ ტრასის რისკიანი ეკონომიკური გეგმები - რის შეცვლას აპირებს ბრიტანეთის ახალი პრემიერი?
დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 8 კანდიდატის რბოლაში შემორჩენილ ორ მთავარ მეტოქეს, რიში სუნაკსა და ელიზაბეტ ტრასს შორის კონსერვატიული პარტიის ამომრჩეველთა გულის მოგება მეორემ უფრო კარგად შეძლო და ხმების 57%-იც მოაგროვა.
დაუნინგ 10-ის ახალ მობინადრეს წინამორბედისგან რიგი პრობლემები დარჩა მემკვიდრეობით - 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, ინფლაციის 10.1%-იანი დონე, ენერგოკრიზისი, რეცესიის აჩრდილი, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები იმ გამოწვევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტრასმა ბორის ჯონსონისგან გადაიბარა.
ლიზ ტრასის გუნდის ეკონომიკური გეგმის ზუსტი დეტალები ჯერ საჯარო არაა, თუმცა ცნობილია, რა პრიორიტეტები ექნება ახალ პრემიერს, რომელიც აპირებს ზედმიწევნით იხელმძღვანელოს პარტიის მანიფესტით.
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის სეხნიის ეკონომიკური პოლიტიკა სამ მთავარ განშტოებად იყოფა: გადასახადების შემცირება, ინფლაციის კონტროლი და ეკონომიკური ზრდა.
დამდეგი ზამთრის წინ ტრასის გუნდმა უკვე შეიმუშავა ბრიტანეთის ისტორიაში უპრეცედენტო 150 მილიარდ დოლარიანი გეგმა ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, რომელიც 18 თვის განმავლობაში იქნება ძალაში და მიზნად ისახავს ელექტროენერგიასა და გაზზე გადასახადების გაყინვას.
ტრასი არ ემხრობა ენერგიის რაციონირებას და მოსახლეობას ჰპირდება, რომ მონახავს გზას ენერგიის მიწოდების გაზრდისკენ. ის ჩრდილოეთის ზღვაში მეტი ნავთობის მოპოვებისთვის ახალი ნებართვების გაცემასაც აპირებს.
ენერგორესურსების ფასების ზრდას ბრიტანეთის ინფლაციის დონეზე დიდი გავლენა აქვს - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში ენერგიის გადასახადები 80%-ითაა გაზრდილი.
ინგლისის ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 13%-ს მიაღწევს. მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის თანახმად, კიდევ უფრო რთული იქნება მომავალი წელი და ინფლაციის მაჩვენებელი 25%-იან ნიშნულს გაუტოლდება. განაგრძეთ კითხვა