რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში | Allnews.Ge

რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

მას შემდეგ, რაც ნედლის ნავთობის ფასმა ბარელზე 120-ს დოლარს მიაღწია, ფასი თანდათან შემცირდა. დღეისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 98 დოლარამდეა, WTI-ის ტიპისა კი 92 დოლარამდე.

მიუხედავად ამ შემცირებისა, ბაზარზე ფასები მერყეობას ინარჩუნებს. ნავთობის ფასის კლება-ზრდის პარალელურად, მერყევია საწვავის ფასებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოში და გთავაზობთ აგვისტოს მონაცემებს Globalpetrolprices.com-ზე დაყრდნობით.

Globalpetrolprices-ის თანახმად, რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი აგვისტოში 0.59 დოლარია (1.59 ლარი), დიზელი კი 0.47 დოლარი (1.26 ლარი) ღირს.

აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. რუსეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.82 დოლარია (2.21 ლარი), დიზელის - 0.85 დოლარი (2.29 ლარი).

სომხეთში რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 1.23 დოლარი (3.31 ლარი) ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.21 დოლარია (3.25 ლარი).

თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.25 დოლარს აღწევს (3.36 ლარი), დიზელის კი 1.38 დოლარს (3.71 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს, 9 აგვისტოსთვის ქვეყნის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის (ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ ტიპის ბენზინია) ბენზინის საშუალო ფასი 3.68 ლარია, დიზელის კი - 4.55 ლარი.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ საწვავი ყველაზე ძვირი მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ღირს. მართალია, აზერბაიჯანი და რუსეთი მწარმოებელი ქვეყნები არიან, თუმცა საწვავი საქართველოზე იაფია არამწარმოებელ თურქეთსა და სომხეთშიც. განაგრძეთ კითხვა

myquiz