როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში - „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“ | Allnews.Ge

როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში - „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. 5 აგვისტოსთვის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 94.5 ამერიკული დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 89 დოლარამდეა შემცირებული.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველ შემთხვევა, როდესაც ფასი 90-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

როდის აისახება ფასის კლება საქართველოში, სადაც, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებასთან ერთად, უკვე მეოთხე თვეა ლარიც მყარდება. ამ კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ „სენტა ოილ“-ის დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს მიმართა.

იაკობიძის თანახმად, ფასების კლება საქართველოში უკვე დაწყებულია და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი, დაახლოებით, 30 თეთრითაა გაიაფებული. კლება მოსალოდნელია ბრენდირებულ სადგურებზეც.

„ეს ტენდენცია გრძელდება. თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება გაგრძელდა, აქაც შესაბამისად მოხდება ფასის კლება. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია - ესაა, დაახლოებით, 30 თეთრის ფარგლებში. ფასი იკლებს როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე. ბენზინზე კლება 15-20 თეთრია“, - ამბობს ზაალ იაკობიძე.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისი მოკავშირეები სექტემბრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას აშშ-სა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდების გაზრდის მოთხოვნა უძღოდა წინ. განაგრძეთ კითხვა