რატომ ღირს დიზელი ბენზინზე ძვირი საქართველოში
დღეს მძღოლების მთავარი პრობლემა რეგულარის ტიპის საწვავზე გაზრდილი ფასები და ავზების შესავსებად მომატებული ხარჯებია. ბენზინის გარდა ბენზინგასამართი სადგურების ფასების ტაბლოზე დიზელის ფასმაც მკვეთრად მოიმატა.
Globalpetrolprices-ის მონაცემებით, 161 ქვეყნიდან, 84%-ში ბენზინი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დიზელი. საშუალოდ, დიზელი 9.84%-ით იაფია, თუმცა ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
საქართველოში, სადაც ფასები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება, ბრენდირებულ სადგურებზე ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 1 ლარს შეადგენს.
პოსტკოვიდურ პერიოდში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ და შემდეგ უკვე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყებამ ნავთობის გლობალური მიწოდება შეაფერხა და ფასებიც აწია, თუმცა ამ ფაქტორებამდეც საქართველოში დიზელი ბენზინზე ძვირი ღირდა, ახლა კი სხვაობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.
მსოფლიოში დიზელისა და ბენზინის ფასებს შორის სხვაობის რამდენიმე მთავარი მიზეზია: გადამუშავების ხარჯები, საგადასახადო პრაქტიკა, მოთხოვნა და მიწოდება.
ბენზინიცა და დიზელიც ნედლი ნავთობისგან იწარმოება და მათი ფასების ერთ-ერთი მთავარი მდგენელი სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულებაა. გადამუშავების პროცესში ნედლი ნავთობი ორ კომპონენტად განცალკევდება და შემდეგ ეს კომპონენტები კონვერტირდება ბენზინად, დიზელად და სხვა პროდუქტებად.
გამომდინარე იქიდან, რომ დიზელი უფრო მძიმე და ნაკლებად ვოლატილურია ბენზინთან შედარებით, მისი გადამუშავება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, დიზელი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში უფრო იაფი ღირს. თუმცა, გოგირდის დაბალი შემცველობის დიზელის წარმოებაზე გადასვლის შემდეგ, ხარჯები გაიზარდა და მისი გადამუშავების პროცესი შეიცვალა, რაც ფასს მაღლა წევს.
ქვეყნებს განსხვავებული მიდგომა აქვთ საწვავის დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამერიკაში დიზელზე გადასახადი 6 ცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ბენზინზე, ევროპის ბევრ ქვეყანაში კი პირიქითაა. შესაბამისად, ამ კომპონენტში განსხვავებაც ფასზე დიდ გავლენას ახდენს. განაგრძეთ კითხვა