ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც ცქრიალა ღვინო რუსეთში გააქვს?
საქართველოდან რუსეთში ცქრიალა ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთში 299,4 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 147%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარ-მაისში რუსეთში შამპანურის ადგილობრივმა ექსპორტმა 121,1 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში 757,2 ათასი დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინის ექსპორტი (ადგილობრივი ექსპორტი) განხორციელდა. აქედან, 39,5% სწორედ რუსეთზე მოდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც ცქრიალა ღვინის ექსპორტს რუსეთში ახორციელებენ.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომპანიებია:
სს ბაგრატიონი-1882 - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 96,82%-ს ფლობს ლუქსემბურგში დაფუძნებული და რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორეილ ინვესტი“, ხოლო 3,18% ეკუთვნის სხვა აქციონერებს.
სს ბადაგონი - კომპანის 2003 წელს დარეგისტრირდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 2018 წელს ის გადაკეთდა როგორც სააქციო საზოგადოება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, კომპანიის ერთადერთი აქციონერი იყო გიორგი სალაყაია.