საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - როგორია სამეულის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები | Allnews.Ge

საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - როგორია სამეულის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი უკვე დაუჭირა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის რეფორმების გატარება მოუწევს.

საქართველოს მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველო მრავალი ეგზოტიკური ინდიკატორით უსწრებს დანარჩენ ორ ქვეყანას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები უსამართლოა და რომ არა ომი, კანდიდატის სტატუსს ჩვენ უფრო ვიმსახურებთ.

უკრაინა და მოლდოვა კონტინენტის ორი ღარიბი ქვეყანაა. ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რომელიც შესაძლოა, არა სრულყოფილი, მაგრამ ცხოვრების სტანდარტის მაინც მნიშვნელოვანი საზომია, ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში არიან და სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

არც საქართველოა რეიტინგში ამ ორ ქვეყანაზე დიდად წინ, სხვა რამდენიმე მაჩვენებლით კი საერთოდაც ჩამორჩება კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნებს.

უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას? ამ კითხვაზე ნაწილობრივ საპასუხოდ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ სამი ქვეყნის იმგვარ ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა, ინფლაცია და სხვა.

მთლიანი შიდა პროდუქტი

წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მიხედვით, უკრაინა 3 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 5, 459.6 ტრილიონი გრივნას ოდენობის პროდუქცია იწარმოა, რაც, დოლარის ამჟამინდელი კურსით, 185 მილიარდ დოლარზე მეტია.

შედარებისთვის, საქართველოს მშპ 2021 წელს 18.7 მილიარდი, ხოლო მოლდოვის 13.7 მილიარდი იყო.

mshp-pages-to-jpg-0001-1656049735-1656053551.jpg

წყარო: საქსტატი, მსოფლიო ბანკი.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

ეს პარამეტრი ქვეყანაში ერთი ადამიანის ეკონომიკურ გამომუშავებას ასახავს, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის საკმაოდ კარგი საზომიცაა.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვაზე უკეთესი მაჩვენებელი საქართველოს ჰქონდა. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2020 წლიდან საქართველოზე უკეთესი მონაცემი მოლდოვას აქვს.

იგივე ტენდენციაა 2021 წელსაც - ამ მაჩვენებლით სამ ქვეყანაში კვლავ მოლდოვა ლიდერობს, შემდეგ მოდის საქართველო, შემდეგ კი უკრაინა.

mshp-pages-to-jpg-0001-1656049735-1656053583.jpg

წყარო: საქსტატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

უმუშევრობა

უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სამი ქვეყნიდან საქართველოშია. თუმცა, ეს არაა იმგვარი მცირე განსხვავება, როგორც ერთ სულზე მშპ-ს შემთხვევაში. უმუშევრების წილი საქართველოს მოსახლეობაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz