,,ემოციური ფაქტორების დაცხრომის შემდეგ, ლარი გარკვეულ დიაპაზონში მოექცევა, თუმცა ომამდელ ნიშნულს არ დაუბრუნდება“ - მერაბ კაკულია | Allnews.Ge

,,ემოციური ფაქტორების დაცხრომის შემდეგ, ლარი გარკვეულ დიაპაზონში მოექცევა, თუმცა ომამდელ ნიშნულს არ დაუბრუნდება“ - მერაბ კაკულია

მნიშვნელოვანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ომის დაწყებიდან დღემდე პირველად მყარდება. მიზეზი, სავარაუდოდ სებ-ის მიერ, გუშინ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციაა.

ლარის არსებულ კურსზე, მოლოდინებსა და ფაქტორებზე რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე, ფინანსისტმა, სები-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო გაუფასურების ძირითადი ფაქტორი ემოციური იყო.

,,ლარის ბოლო გაუფასურება, ძირითადად ემოციებზე რომ არ ყოფილიყო დაყრდნობილი, ინტერვენცია ასეთ მყისიერ შედეგს ვერ მოახდენდა. როცა ასეთი პროცესები ვითარდება მთავრ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში და მისი შედეგები, ჯერ კიდევ ისეთი მკაფიო არ არის და ეს მომავალშია მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, უარყოფით მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს იყო პირველადი ეფექტი, განგრძობადი პროცესის ფონზე.

მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ხდებოდა ომამდე გლობალურ ფინანსურ სივრცეში და რაც ომმა, კიდევ უფრო გაამწვავა. ახლა თუ მეორე სავაჭრო პარტნიორის (რუსეთის) ვალუტა გაუფასურდა მკვეთრად, ომამდე თურქეთი, პირველიო სავაჭრო პარტნიორიც ვალუტის კუთხით ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ამ დროს კი, ქართული ვალუტა, მიზეზთა და მიზეზთა გამო მყარდებოდა, რაც ჩემი აზრით არ ესადაგება ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ დასკვნებს და თეორიებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ დოლარმა ყველა სარეზერვო ვალუტის მიმართ ომამდე დაიწყო გამყარება და ეს პროცესიც გრძელდება. ბაზრის მოთამაშეები მიიჩნევენ, რომ რადგან ევროპაშია ომი, ევროს უფრო დიდი საფრთხე ემუქრება ვიდრე დოლარს. ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ლარი ვერ შეინარჩუნებდა იმ ნიშნულს, რომელიც თებერვლის ბოლო კვირამდე ჰქონდა. ემოციური ფაქტორების დაცხრომის შემდეგ, ლარი გარკვეულ დიაპაზონში მოექცევა, თუმცა ომამდელ ნიშნულს არ დაუბრუნდება.

myquiz