რუსეთი 200-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტს კრძალავს - რა არის ჩამონათვალში?
რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 ზე მეტი დასახელების საქონლის საზღვარგარეთ გატანას აჩერებს.
ამის შესახებ საუბარია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ჩამონათვალშია: ტექნოლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, სამედიცინო დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ელექტრო აპარატურა - 200 დასახელების საქონელი, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, ქვისა და მეტალის დამამუშავებელი დაზგები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები“, - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნული ზომა აუცილებელია რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.