20 მსხვილი კომპანია საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ | Allnews.Ge

20 მსხვილი კომპანია საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

„7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 - 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა, რომლის მფლობელები რუსეთის კომპანიები და მოქალაქეები არიან, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ორგანიზაცია კვლევაში გვთავაზობს ინფორმაციას, მხოლოდ 20 მსხვილ კომპანიაზე.

სს„თელასი“

დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. „თელასის“ 25% 2020 წლის აგვისტოდან კერძო კომპანია შპს „ბესტ ენერჯი გრუპს" ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“

დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი Gardabani Holding B.V.-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“)

შპს „ენერგიას“ 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდი ბლიაძე ფლობს, ხოლო 30%-ს — შპს „ფერი“. „ფერის“ მფლობელები საქართველოს მოქალაქეები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან.

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“

კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს RMG Gold და შპს RMG Copper)

შპს RMG Gold-ს 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს RMG Copper. შპს RMG Copper-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს RMG Gold-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.

სს „ელმავალმშენებელი“

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

განაგრძეთ კითხვა