„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა | Allnews.Ge

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში მშენებლობის გარდა.

„განსაკუთრებით კი აღსანიშნავია, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის ჯამური მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 27%-ით და 4 მილიარდ 242 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 25%-ითაა გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი და 10 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 4550 ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. 31%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 505 მილიონი ლარი შეადგინა,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მან დარგობრივ ჭრილში ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებაც ისაუბრა.

„წარმოგიდგენთ მიზეზებს, დარგობრივ ჭრილში: დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მოცულობის გაფართოებასთან, თუმცა, გაზრდილია ასევე მინერალური სასუქების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ტანსაცმლის და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდის მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტი. 17%-ით გიზარდა ღვინის ექსპორტი, ხოლო 22%-ით არის გაზრდილი მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა, ძირითადად, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. გაზრდილია, ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებლებიც. ვაჭრობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად კვლავ გვევლინება მსუბუქი ავტომობილებით, ნავთობ-პროდუქტებით, სამშენებლო მასალებით, საკვები პროდუქტებითა და ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობის მოცულობის გაფართოება.

ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაზეც გარკვეული გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამაც. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 160 ათასი ვიზიტი, რაც სამჯერ და მეტად აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ზრდის მიზეზად სახელდება ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 55%-ით გაიზარდა. გაზრდილია ასევე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით. 2021 წლის დეკემბერში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების მოცულობის შესრულება. ჩვენ გავასაჯაროვეთ მშენებლობაზე გაცემული ნებართვების შესახებ და მშენებლობის დასრულებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გაიზარდა 6%-ით, გაცემული ნებართვების ფართობი კი გაზრდილია 43%-ით, 10%-ითაა გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.