ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს გადააჭარბა - სექტორები, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილია | Allnews.Ge

ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს გადააჭარბა - სექტორები, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილია

ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 5%-ით გადააჭარბა. როგორც hr.ge-ს მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სექტორებს შორის ყველაზე აქტიური ჰორეკაა. მისი თქმით, ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% დღეს უკვე კვებისა და სასტუმრო ობიექტებზე მოდის.

ჰორეკა (ნიდერლ. Horeca — hotel/restaurant/café) — ბიზნესის ის სახეობა, რომელიც აერთიანებს საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას, ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება.

„ვაკანსიების კუთხით მატება ნამდვილად გვაქვს. 2021 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყო ზრდა. ყველაზე დიდი მატება იყო მარტში და შემდეგ მაისში. მეტიც, მაისში სამუშაო ადგილები არა მარტო გაუტოლდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, არამედ 5%-მდე გაიზარდა კიდეც.

ივნისი, რადგან ზაფხულია, შედარებით პასიურია, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ დიდი კლებაა. მაისთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით, 10%-ით შემცირდა, მაგრამ ეს ლოგიკურია, ყოველ წელს ასეთი ტენდენციაა ივნისში.

კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რითაც მიმდინარე წელი გამოირჩევა, არის ის, რომ როგორც იცით, პანდემიის დროს „ჰორეკა“ სექტორი საკმაოდ პასიური იყო, თუმცა თებერვლის მეორე ნახევრიდან და მარტში დაიწყეს გააქტიურება. ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს უკვე ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% სწორედ „ჰორეკა“ სექტორზე მოდის, რაც ძალიან კარგი შედეგია, რადგან პანდემიამდე იყო დაახლოებით 20%“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ახალი კადრების ყველაზე მეტი მოთხოვნაა, hr.ge-ს მენეჯერის ინფორმაცით, ეს არის გაყიდვები, „ჰორეკა“, ბუღალტერია-ფინანსები, საბანკო და სამედიცინო სფეროები.

„დღეს უკვე ყველა სფერო აქტიურობს, უბრალოდ, სტატისტიკურად, კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაყიდვები - 23%, 22% მოდის „ჰორეკა“ სექტორზე, შემდეგია ბუღალტერია-ფინანსები - 5%, ასევე 5% - საბანკო და 4% - სამედიცინო სფეროები. დანარჩენი სექტორები არის 2%-ზე ნაკლები“,- განმარტავს ინგა შახბაზიანი.

კითხვაზე, შემცირდა თუ არა სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა, hr.ge-ს მენეჯერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დღეში 80-დან 120-მდე ადამიანი რეგისტრირდება, რაც სტაბილური მაჩვენებელია. თუმცა, პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, მათი რაოდენობა თითქმის, გაორმაგებული იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz