როგორ გაგრძელდება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობა „ბრექსითის“ ახალი შეთანხმების შემდეგ? | Allnews.Ge

როგორ გაგრძელდება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობა „ბრექსითის“ ახალი შეთანხმების შემდეგ?

როგორ გაგრძელდება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობა „ბრექსითის“ახალი შეთანხმების შემდეგ? რომელი მხარე ნახავს მეტ სარგებელს და ზიანს? მოახდენს თუ არა ახალი ხელშეკრულება გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე?- ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად Allnews თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს,  ვახტანგ ჭარაიას დაუკავშირდა.

"3-წლიან მოლაპარაკებათა მრავალი რაუნდის შემდგომ, როგორც იქნა გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს და 2021 წლის 1 იანვრიდან ორივეს ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ცვლილებები შეეხო ფაქტობრივად ყველა ასპექტს: საზღვრის კვეთის პროცედურებით, პოპულარულ ერასმუსის სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობით და როუმინგის ღირებულების საკითხებით დაწყებული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკით გაგრძელებული და თუნდაც, კოვიდ ვირუსთან დამოუკიდებლად გამკლავებით დასრულებული.

გაერთიანებული სამეფოს მცირე გამარჯვებად შეიძლება შეფასდეს ბოლო მომენტში ევროკავშირთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა: ნულოვანი ტარიფები და ნულოვანი კვოტირება ვაჭრობაში, თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი ლა მანშის ორივე მხარეს ეკონომიკური მდგრადობისთვის დრო გვიჩვენებს, თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მასშტაბიდან გამომდინარე ის ამ გამოწვევას შედარებით უმტკივნეულოდ გადაივლის.

დღეისთვის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ (TCA), უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის ამ ორი სუბიექტის სამომავლო ურთიერთობებს, ვიდრე ოდესმე ბრექსითის დაწყებიდან და დიდწილად საფრთხეს არიდებს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ექსპორტსა (2019 წელს - 43%) და იმპორტს (52%). თუმცა, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები ჯერ ისევ გასარკვევია, რაც საბოლოო ჯამში ცალკეულ დარგებს, როგორც უპირატეს (მაგალითად თევზჭერა), ასევე შესაძლოა უარეს (საფინანსო სექტორი) მდგომარეობაშიც აყენებდეს.

თუმცა, ბოლოსკენ უნდა ითქვას, რომ გარკვეულ მიღწევებთან და უფრო მეტ ბუნდოვანებასთან ერთად, მაღალი ალბათობით მოსალოდნელია ლონდონის როგორც ფინანსური ცენტრის პოზიციების შესუსტება, რომელიც აწ უკვე „მიტოვებული“ ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტად ფრანკფურტის, პარიზის, ამსტერდამის და ევროკავშირის სხვა მნიშვნელოვანი ცენტრების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ეს ბაზარი კი ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ათწლეულების განმავლობაში. გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში მოსალოდნელ სხვა უარყოფით მოვლენებს შორისაა: უძრავ ქონებაზე ფასების კლების, ფასების ზოგადი დონის ზრდის და შემოსავლების კლების პერსპექტივაც. თუმცა ბრექსითის მომხრეთა საბედნიეროდ ისინი მიიღებენ იმას რაც ასე აკლდათ - „დამოუკიდებლობას“.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისაგან განსხვავებით, საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ბრექსითის შემდგომაც არაფერი დაემუქრება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების ჩათვლით, რომელზეც ორივე მხარე ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლამდე, 2020 წელს შეთანხმდნენ და რომლის მსგავსი გაერთიანებულმა სამეფომ 50-ზე მეტ სხვა სახელმწიფოსთან მოახერხა გაეფორმებინა. ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელიც აღმოჩნდეს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო ნომერ მეორე ყველა მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში, ჯამში 2.4 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით. ბოლო წლებში მზარდი ორმხრივი ვაჭრობაც და ის 100-130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რომლის შემდგომი განვითარების გზები აწ უკვე ამ 2 კონკრეტულ სუბიექტს შორის თანამშრომლობაზე იქნება დამყარებული."- აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.  

myquiz