ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს | Allnews.Ge

ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

არეულობის, ქაოსისა და პანიკის პირობებში ზოგი ცვლილებებს ეწირება, ზოგი გადარჩენას ახერხებს, მაგრამ არიან ისინიც, ვინც უფრო ძლიერდება. სწორედ ასეთი იყო 2020 წელი ბიზნესისთვის და მისი სხვადასხვა სექტორისთვის. გამოცემა Marketwatch იმ სფეროებს ასახელებს, რომელთა წარმომადგენელი კომპანიებიც 2021 წელს გამარჯვებულის ან დამარცხებულის სტატუსით შეხვდნენ.

პირველ ყოვლისა, ვისაუბროთ მათზე, ვინც, მიუხედავად 2020 წლის მარტის თვის უკუსვლისა, მთელი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ტურბულენტური ვითარების პირობებშიც კი, ზრდა განიცადეს:

  • ტექნოლოგიური გიგანტები

მსოფლიო მასშტაბით კარანტინის გამოცხადებამ ქვეყნებში უკვე დაწყებული ონლაინ ცხოვრებაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. მოწოდების - "იმუშავეთ და იშოპინგეთ სახლიდან" ნორმად გახდომით, მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა სტაბილური მოგება დაიწყეს, იმის მიუხედავადაც კი, რომ პანდემიამ კინოთეატრებს, მოლებსა და სხვა ინდუსტრიებს "დაარტყა". ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც S&P-ის ინდექსში (რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე მსხვილი კომპანიის აქციების ფასებს აერთიანებს) მხოლოდ 5 კომპანიამ (ჯამში) ინდექსის დაახლოებით 22% შეადგინა, შესაბამისად, ეს 5 კომპანია - Apple, Microsoft, Google, Amazon და Facebook არასდროს ყოფილან უოლ სტრიტზე ისეთი დომინანტები, როგორც ახლა.

  • ვიდეო სერვისები
 

კინოთეატრების დაკეტვისა და ლოქდაუნის გამო, ადამიანებმა გართობის ფორმად ვიდეო საიტები აირჩიეს. პანდემიამ ტრადიციული ტელევიზორის ყურებიდან ვიდეოების და ფილმების ონლაინ ყურებაზე გადასვლის ტენდენცია დააჩქარა. "ნეტფლიქსის" აქციების ფასი 3.08%-ით გაიზარდა, რამაც არხს წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 28 მილიონი გამომწერი მოუმატა. სატელევიზიო არხ "დისნეი +"-ს წლის განმავლობაში 86.8 მილიონი აბონენტი მოემატა და +0.01%-ით გაიზარდა მისი აქციების ფასი, რაც "დისნეისთვის" ნათელი წერტილი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტები, მათ შორის კინოთეატრები და პარკები, პანდემიის გამო დაიხურა.

  • მიწოდების სერვისები

პანდემიის პირობებში, ადამიანთა შინ გამოკეტვის გამო, მიწოდების სერვისები, რომელიც 2019 წელს მხოლოდ მოსახერებელი იყო, 2020 წელს ერთ-ერთი ძირითადი ბიზნესი გახდა. ამერიკული კომპანიის "გრაბჰაბის" "გრაბის" ღირებულებამ 0.42%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც სექტემბრის ჩათვლით მისმა შემოსავალმა 36%-იანი ზრდა მიიღო - ამ პერიოდში ბევრმა რესტორანმა მიტანის სერვისი დაამატა, რადგან მათი ობიექტები ჩვეულ რეჟიმში ვეღარ მუშაობდნენ - ეს ტენდენცია გლობალურია.

  • საშინაო ტრენაჟორები

2020 წელს ჯანსაღი ცხოვრების წესმაც სპორტდარბაზებიდან შინ გადაინაცვლა - ინტერაქციული ველოსიპედის მწარმოებელი „პელოტონი“ მოწოდების გამო - "ივარჯიშე სახლში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია აღმოჩნდა. წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი მათთვის გაორმაგდა და თითქმის 2 მილიარდს მიაღწია. მაღალტექნოლოგიური ველოსიპედები და სარბენი ბილიკები მილიონობით ადამიანის ოჯახში აღმოჩნდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა მათი გამომწერების რაოდენობაც: თუ 2019 წლის სექტემბერში ეს რიცხვი 563 000 იყო, 2020 წლის სექტემბერში მილიონ 300 ათასს მიაღწია.

  • შინაური ცხოველების პროდუქტები/ნივთები

პანდემიის დროს სახლში გამოკეტილი ამერიკელების კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა შეიძინა შინაური ცხოველები. ამჟამად აშშ-ის ოჯახების უკვე 67%-ს ჰყავს ესა თუ ის შინაური ცხოველი - ეს 30 წლის წინანდელ მონაცემებს 56%-ით აღემატება. რაც შეეხება კონკრეტულად კომპანიებს, მაგალითად, შინაური ცხოველების მომარაგების ონლაინ გამყიდველის, Chewy-ს საბაზრო ღირებულება 2019 წლის შემდეგ გაოთხმაგდა.

ჩამოთვლილი სექტორებისა და კომპანიებისგან განსხვავებით, შემდგომი სია ბიზნესის იმ წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებასთან ვერ ადაპტირდნენ და პანდემიისგან ყველაზე დიდი ზიანი მიიღეს.

  • მოგზაურობა

2020 წელს, სამუშაო და დასვენების მიზნით, მოგზაურობა მთლიანად გაჩერდა - თვითმფრინავები დაცარიელდა, აეროპორტები მოჩვენებების ქალაქებად იქცა. 14 აპრილს ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ აშშ-ის აეროპორტებში მხოლოდ 87 534 მგზავრი დააფიქსირა, რაც 2019 წლის იმავე თარიღის მონაცემს 96%-ით ჩამორჩება. ბევრად ნაკლები ადამიანი საჭიროებდა ნომრებს სასტუმროებშიც. აშშ-ში, სასტუმროებში ადგილების დაკავების წილი ოქტომბრის ბოლოს 45% იყო, 2019 წლის მთლიანი მონაცემი კი - 66%. რა თქმა უნდა, კრუიზებით გადაადგილების შესაძლებლობაც დავიწყებას მიეცა: საკრუიზო კომპანიების უმეტესობამ აშშ-ის პორტებიდან გასვლა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე ნებაყოფლობით შეაჩერა.

  • მცირე ბიზნესი

მკაცრმა ზომებმა, რომელიც მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დააწესეს, სერიოზული ზიანი მიაყენა მცირე ბიზნესებს, მაგალითად, აშშ-ის რესტორნებს, სალონებს, ღონისძიებების დაგეგმვის სფეროს და სხვა ისეთ საქმიანობებს, რომლებიც ადამიანების ფიზიკურ სიმჭიდროვეს ითვალისწინებს. აპრილის მონაცემებით, იმ 20 მილიონი ადამიანიდან, რომელმაც აშშ-ში სამსახური დაკარგა, ნახევარზე მეტი ისეთ კომპანიაში მუშაობდა, სადაც თანამშრომლების რაოდენობა 500-ზე ნაკლები იყო. შემდეგ ამგვარი კომპანიებისთვის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, აპრილსა და აგვისტოში 5 მილიონზე მეტი სესხი გაიცა.

  • საქმიანი ჩაცმულობა

ესეც სახლიდან მუშაობას უკავშირდება: მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი იძულებულია, პანდემიის გამო, სახლიდან იმუშავოს, რა თქმა უნდა, ისინი ნაკლებად ცდილობენ საქმიანი, ოფიციალური სამოსის შეძენას. 2019 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდთან შედარებით, 2020 წელს დროის ამავე მონაკვეთში აშშ-ში მამაკაცების კოსტუმების გაყიდვები 62%-ით შემცირდა. ამგვარ ვითარებაში ადამიანები სტილთან შედარებით კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას - ეს ტენდენციაც უკვე შეიმჩნეოდა, თუმცა Covid-19-მა პროცესი დააჩქარა. ეს კარგი ამბავია სახლის მაისურების და შარვლების, ასევე, პიჟამოებისა და ხალათების მწარმოებლებისთვის.

  • უძრავი ქონება

კომერციული უძრავი ქონება პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ინდუსტრიებს შორისაა და არავინ იცის, რამდენად სწრაფად აღდგება იგი. წინა წელთან შედარებით, საცალო, საოფისე და სხვა სახის ქონების ტიპებზე ვაკანტურობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია. უძრავი ქონება იმ მცირე სექტორთაგან ერთ-ერთია, რომლის აქციების ფასებიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • წიაღისეული საწვავი

ნავთობპროდუქტების ინდუსტრია, კორონავირუსის შეკავების მიზნით, მოგზაურობის შეჩერების შედეგად დაზიანდა - ამან რეაქტიულ საწვავსა და ბენზინზე მოთხოვნა დაწია. მწარმოებლებს პანდემიამდეც დისკომფორტი ჰქონდათ შექმნილი, სუსტი გლობალური ეკონომიკისა და ბაზარზე იაფი ზეთის შეღწევის გამო. კორონავირუსის გავრცელების და საუდის არაბეთისა და რუსეთის ფასების ომის დაწყებისთანავე, ნავთობზე ფასები დაეცა. ფასები აღდგა, მაგრამ თვების განმავლობაში ბარელზე დაახლოებით 40 დოლარი იკარგებოდა, რაც ბევრად დაბალია იმასთან შედარებით, რაც მწარმოებლებს წაგებისა და მოგების თუნდაც მხოლოდ გათანაბრებისთვის სჭირდებათ. ნავთობის, გაზისა და ქიმიური ინდუსტრიებიდან გაზაფხულსა და ზაფხულში 107 000 მუშახელი გათავისუფლდა. ნავთობის გიგანტებმა - Exxon Mobil-მა, Chevron-მა და სხვებმა ხარჯები და სამუშაო ძალები შეამცირეს.