ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა | Allnews.Ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 8 დეკემბერს, გვიან საღამოს, საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

„მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით (რომლის შემადგენელია ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი) 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს. საქართველოზე გამავალი ბაქო - თბილისი - ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული უპირატესობით, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით. ამასთან, დერეფნის განვითარება არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა - მას თან უნდა ახლდეს გამარტივებული და გაციფროვნებული საბაჟო და საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ჩვენს უპირობო უპირატესობას წარმოადგენს. ამას ემატება საქართველოში მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, რომელიც გამოიხატება საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირების არსებობით მეზობელ ქვეყნებთან. ამასთან, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ზემოხსენებული პროექტები და აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“,-აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.