2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას? | Allnews.Ge

2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?

2021 წელს მთავრობა 18 მილიარდ ლარს დახარჯავს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარითაა გაზრდილი. 2021 წელს ხარჯის სახით გათვალისწინებული თანხა ასევე აღემატება 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმასაც. კერძოდ, სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს.

ამასთან, 2021 წელს საბიუჯეტო ხარჯებში 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

"2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 892.0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია 2021 წელს ჩOVID-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 563.0 მლნ ლარს შეადგენს.

უწყების ბიუჯეტი გაზრდილია, როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან, ასევე 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. კერძოდ, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711.0 მლნ ლარით, ხოლო 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით - 48.0 მლნ ლარით. სამინისტროს ბიუჯეტში ასახულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებიც 2021 წლისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ცალკეული პროგრამების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 839.9 მლნ ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 548.6 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ მოიცავს ჩOVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისთვის 400.0 მლნ ლარს; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 30.0 მლნ ლარი; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 8.9 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 71.8 მლნ ლარი.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან პენსია იზრდება ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

"კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი",-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით. ფინანსთა სამინიტროს ცნობით, გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

myquiz