როგორ შეიცვალა საწვავის ფასები ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში? | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში?

დღეის მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 43.51 აშშ დოლარი, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 41.13 აშშ დოლარია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რამდენიმე თვეა, დაახლოებით ერთსა და იმავე ნიშნულზეა. ლარი კი დოლართან მიმართებაში პერიოდულად უფასურდება - ეს ორი ფაქტორი საქართველოში საწვავის სარეალიზაციო ფასზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს.

როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტმა და ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ბოლო 2 თვის განმავლობაში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასები დაახლოებით 10 თეთრით გაიზარდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებას უკავშირდება.

"ბოლო ორი თვის ტრენდს რომ გადავხედოთ, გლობალურ ბაზრებზე ფასები პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ნავთობის ფასები დაახლოებით 41-42 აშშ დოლარის ფარგლებში ფიქსირდება და ეს ჯანსაღი პროცესია. ჩვენს ბაზარზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასების დაახლოებით, 10-თეთრიანი ზრდა გვქონდა, რომელიც მნიშვნელოვან კავშირში იყო ლარის ტრენდთან. თუ დროის ამ მონაკვეთს გადავხედავთ, ეროვნული ვალუტა 6-7-თეთრით გაუფასურდა და საწვავის ფასის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული ბაზარზე არ ხდება და იმ შემცირებული საერთო მოთხოვნის ფონზე, რაც პანდემიის გამო ქვეყანაში ფიქსირდება, ეს გასაკვირი არ არის. მართალია, საწვავის ფასი მნიშვნელოვანი ელასტიურობით არ ხასიათდება, მაგრამ არსებული საერთო მოთხოვნის ვარდნის ფონზე, მნიშვნელოვანი სხვაობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის მოსალოდნელი არც იყო", - განმარტა პაატა ბაირახტარმა.

ტრადიციულად, სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურს განსხვავებული ფასები აქვს. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის სახეობების მიხედვით, 19 ნოემბრის მდგომარეობით ვითარება ასეთია:

• რეგულარი - "ლუკოილი" – 2.06 ლარი; "სოკარი" – 2.11; "ვისოლი" და "რომპეტროლი" – 2.19; "გალფი" – 2.29 ლარი.

• პრემიუმი - "სოკარი" – 2.26 ლარი; "ლუკოილი" – 2.28 ლარი; "ვისოლი" – 2.38; "გალფი"და "რომპეტროლი" – 2.39 ლარი.

• სუპერი - "სოკარი" – 2.41; "ლუკოილი" – 2.45; "ვისოლი" – 2.48; "გალფი" და "რომპეტროლი" – 2.49.

• დიზელი – "სოკარი" – 2.14 ლარი; "ვისოლი" – 2.24 ლარი.

• ევროდიზელი - "სოკარი" – 2.24 ლარი; "ვისოლი", "გალფი" და "რომპეტროლი" – 2.33; ხოლო "ლუკოილი" – 2.27 ლარი.

• ბუნებრივი აირი - "სოკარი" – 1.27 ლარი, ვისოლი" და "გალფი" - 1.29 ლარი.

განაგრძეთ კითხვა