რა ჯდება მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები? | Allnews.Ge

რა ჯდება მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები?

საქართველოს მასშტაბით დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში ქვეყანას ახალი შემადგენლობის მე-10 მოწვევის პარლამენტი ეყოლება.

მიმდინარე წლის დასაწყისში განსაზღვრული ბიუჯეტით, არჩევნები 42,760,652 ლარი ჯდებოდა. თუმცა, კორონა ვირუსის გამო მიღებული რეგულაციების გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაანონსებული.

როგორც ცესკო-ში ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებენ, ეს მოხდება კომისიის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებითი თანხის მობილიზება სხვადასხვა პროგრამული კოდების გადანაცვლებით მოხდება.

ცნობისთვის, სტაციონარში მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით შეძლებენ, კერძოდ ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო-საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩვენო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთის მიტანას უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, 2016 წლის არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, ანუ 4,624,422 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე დაიხარჯება.