ვის არ მოუწევს კომუნალურების გადახდა 4 თვით? | Allnews.Ge

ვის არ მოუწევს კომუნალურების გადახდა 4 თვით?

საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.

რაც შეეხება, იმას თუ თანხობრივად რამდენის მოხმარების შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები ამ სუბსიდიით სარგებლობას, ელექტროენერგიის საფასურს დედაქალაქში 1 კვტ/სთ საფასური (დღგ-ს ჩათვლით), 101 კვტ/სთ–დან 301კვტ/სთ-ის ჩათვლით, არის - 18.5555 თეთრი. შესაბამისად, გამოდის, რომ უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება "თბილისი ენერჯის" იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ - 92 ლარს იხდიან. რეგიონებში კი, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.