წელს ევროპაში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან | Allnews.Ge

წელს ევროპაში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

ევროპაში მიმდინარე სეზონზე ღვინის წარმოებამ, შესაძლოა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამან კი შესაძლოა ღვინის ფასის კლების პერსპექტივა შექმნას, მათ შორის საქართველოსა და რუსეთში. ეს სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას იქონიებს ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებზე, მიიჩნევენ ექსპერტები.

ევროკომისიამ ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018-2019 წლის სეზონზე წარმოების ზრდა გასულ წელთან შედარებით 22,1 %-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 175,6 მილიონი ჰექტოლიტრია (1 ჰექტოლიტრი=100 ლიტრი). უნდა აღინიშნოს, რომ წინა სეზონი ევროპელი ღვინის მწარმოებლებისთვის ჩავარდნად ითვლება, რადგან ამ წელს წარმოების თვალსაზრისით 1982 წლის შემდეგ პირველად ყველაზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა.

სწორედ გასული წლის შედეგები გახდა ღვინის გაძვირების მიზეზი: მწარმოებლები ატყობინებდნენ იმპორტიორებს, რომ ღვინის გასაყიდი ფასი 10-35 %-ით იყო მომატებული, ფასი მერყეობდა იმის მიხედვით, თუ ფასის რომელ სეგმენტს განეკუთვნებოდა ღვინო და ასევე თუ რომელი იყო მწარმოებელი ქვეყანა.

ექსპერტები მიიჩნნევენ, რომ მოსალოდნელი რეკორდული რაოდენობის მოსავალი ღვინოზე ფასის დაწევის შესაძლობობას გააჩენს, თუმცა კლება ძალიან დიდი არ იქნება, რადგან მწარმოებლებმა, პირველ რიგში, გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული ზარალი უნდა დააბალანსონ.

როგორც ირკვევა, ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ რამდენად შეიძლება დაიკლოს ღვინის ფასმა, ახალ წელზე ადრე შეუძლებელი იქნება ანუ იქამდე, სანამ ღვინის ახალი პარტია არ მიეწოდება ბაზარს.

თუმცა, ფასის კლება, შესაძლოა, ღვინის ყველა სახეობას არ შეეხოს, რადგან, მაგალითად, ამ სეზონზეც კი საფრანგეთის გარკვეულ ნაწილში ძალიან რთული კლიმატური პირობები იყო, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა იქონია მოსავალზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმის პროგნოზირება თუ რა შედეგი შეიძლება იქონიოს ევროპულმა რეკორდულმა მოსავალმა საქართველოში ღვინის ფასის ცვლილებასა და მოთხოვნაზე, ჯერჯერობით რთულია.

myquiz