მიწისქვეშა გაზსაცავი, წყალმომარაგება და რკინიგზა - რა დახმარებას უნდა ელოდოს საქართველო გერმანული მხარისგან? | Allnews.Ge

მიწისქვეშა გაზსაცავი, წყალმომარაგება და რკინიგზა - რა დახმარებას უნდა ელოდოს საქართველო გერმანული მხარისგან?

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის "სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" დღეს ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გვაცნობეს.

"ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება," - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება "აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის" სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.

ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა.

აღნიშნული პროექტისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს.

თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედას და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ასევე, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში "დოიჩე ბან"-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, "საქართველოს რკინიგზისა" და "დოიჩე ბან"-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე.

"საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი“ ამ მიმართულებით იწყებს თანამშრომლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რითიც "დოიჩე ბანი" ძალიან დაინტერესებულია", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს," – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, ტომას ბარაიბისთან და გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ და ქვეყანაში, ინვესტიციასთან ერთად, ასევე შეაქვთ ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.

"მნიშვნელოვანია, რომ გერმანულ კომპანიებს წარმოადგენდნენ უშუალოდ მფლობელები. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. რაც ასევე საგულისხმოა, მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები საქართველოს ცალკეული სექტორების მიმართ, სადაც ისინი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ," - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

myquiz