"ბანკების საკომისიო მომსახურება გაიზრდება" - რას უნდა ველოდოთ უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის აკრძალვის შემდეგ? | Allnews.Ge

"ბანკების საკომისიო მომსახურება გაიზრდება" - რას უნდა ველოდოთ უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის აკრძალვის შემდეგ?

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძლებელი აღარ იქნება, მინისტრის განმარტებით, ე.წ შავი საკომისიოების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

ბახტაძის თქმით, ე.წ შავი საკომისიოების პრობლემა ფიქსირდებოდა კერძო გამსესხებლების, ე.წ მევახშეების შემთხვევაში.

"ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ფიქსირდებოდა კერძო გამსესხებლების, ე.წ მევახშეების შემთხვევაში, მე მინდა მაგალითი მოვიყვანო, რომ უფრო ნათელი იყოს, ამას ეწოდება ე.წ შავი საკომისიო. ვთქვათ, კერძო გამსესხებელმა სესხის სახით მომხმარებელს მისცა 100 000 ლარი, რეალურად მან მისცა ნაღდი ფულის სახით 80 000 ლარი, 20 000 კი საკომისიოს სახით მიიღო, მაგრამ ისე, რომ ხელშეკრულებაში 100 000 ლარი წერია. ბუნებრივია, ეს მიუღებელია და ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებების დარღვევაა და ჩვენ რომ მსგავსი ტიპის შავი საკომისიოების მიღება გამოვრიცხოთ, ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებული იქნება უძრავ ქონებასთან, უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, რომ ჩანდეს რეალურად, რა თანხა მიიღო და რა თანხა გაასესხა კერძო გამსესხებელმა,“ - განმარტა მამუკა ბახტაძემ.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ეკონომისტები ფინანსთა მინისტრის აღნიშნულ ინიციატივას და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას?

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე განმარტავს, ის საკითხი, რომ კერძო მევახშეები მომხმარებლებს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ და შეიძლება, მათ საქმიანობაშიც ბევრი მაქინაცია იყო, მისთვის გასაგებია, თუმცა ამის გამო ნაღდი ფულის გამოყენებით უძრავი ქონების შეძენის ყველასთვის შეზღუდვა, გაუგებარია.

"მგონი საბოლოო ჯამში უფრო განმარტავენ, კონკრეტულად რა ტიპის და ვის და ვის შორის ტრანზაქციებს შეეხება, თორემ თუ ერთი კერძო პირი მეორე კერძო პირისგან სესხის სახით კი არა, უბრალოდ ყიდულობს უძრავ ქონებას, იმედი მაქვს, მას არ შეუზღუდავენ, რომ თანხის ნაწილის ან მთლიანად ამ თანხის გადახდა ნაღდი ფულითაც შეძლოს, რადგან შეიძლება ადამიანს საბანკო ანგარიში საერთოდ არ ჰქონდეს და ჩვენ ვაიძულოთ თუნდაც რეგიონში მცხოვრები, რომ მაინცდამაინც საბანკო ანგარიში გახსნას იმისთვის, რომ თანხა გადაურიცხოს და ასე შეიძინოს უძრავი ქონება, არ მგონია ამისი აუცილებლობა გამართლებული", - განმარტავს ის.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას განმარტებით კი, არავის აქვს იმის უფლება, რომ ადამიანს შეუზღუდოს, ტრანზაქცია იმ ფორმით განახორციელოს, რა ფორმითაც მას სურს, იქნება ეს ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორება.

"იმის გამო, რომ მაგალითად, ფულის გათეთრებას, ტერორისტების დაფინანსებას, გადასახადებისგან თავის არიდებას, ამ პრობლემებს სახელმწიფო თავს ვერ ართმევს, ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ მოქალაქეს ანგარიშსწორების ფორმის არჩევის უფლება შეუზღუდოს და ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციური ანუ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს ელემენტი არ არის", - განმარტავს ის.

ეკონომისტი ვარაუდობს, რომ აღნიშნული რეგულაციის შედეგად ბანკების საკომისიო მომსახურება გაიზრდება და მათი შემოსავალი კიდევ უფრო მოიმატებს.

"ის რეგულაციები, რაც ბახტაძემ შემოიღო, შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკის განვითარებას, ეს ცალსახაა, რადგან სესხების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება, უძრავი ქონების უნაღდო ანგარიშსწორების აკრძალვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არანაირი ეკონომიკური შინაარსი არ აქვს. რაც არალეგალურ სივრცეშია, გადავა ლეგალურ სივრცეში და ეს არაფერს შეცვლის. იმის გამო, რომ მთავრობა ვერ არეგულირებს მსგავს პრობლემებს და ვერ ახერხებს შავი ფულის აღრიცხვას, შემოაქვს ახალი შეზღუდვები, რაც ადამიანის ფუნდამენტალური უფლების შეზღუდვას იწვევს, რომ მან გააკეთოს არჩევანი და შეარჩიოს ანგარიშსწორების ის ფორმა, რომელიც მას სურს. ასევე უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში ან საზოგადოებაში არის კიდევ საკმაოდ დიდი წრე ადამიანებისა, რომლებიც არ სარგებლობენ საბანკო მომსახურებით და მიწას ყიდიან ან ყიდულობენ მათთვის უფრო მოხერხებული ფორმით, შესაბამისად ისინი ამას ვეღარ განახორციელებენ. არ არის სწორი, ადამიანის ასეთი ფუნდამენტალური უფლების შეზღუდვის ხარჯზე მსგავსი მოქმედებების განხორციელება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს" - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საბანკო და საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა ახალი, სამართლიანი წესების დამკვიდრებას უწყობს ხელს, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები.

myquiz