საქართველოში დამზადებული სახლის ხის აქსესუარები, რომელიც უცხოურ პროდუქციას კონკურენციას უწევს
საქართველოში სახლის ხის აქსესუარების დამამზადებელი კომპანია გამოჩდა. 30 წლის ნოდარ თუშიშვილმა სამ მეგობართან ერთად 2016 წელს გადაწყვიტა, ყოველდღიურ რუტინას გაქცეოდა და რაიმე საინტერესო საქმიანობა დაეწყო. სწორედ ასე დაიწყეს პარტნიორებმა ხის აქსესუარების დამზადება და როდესაც დაინახეს, რომ მათი ნამუშევარი ხალხს მოსწონდა, თავიანთი საქმიანობა ბიზნესად აქციეს. ასე შეიქმნა 2017 წლის იანვარში "ვუდსონი".
კომპანიის სახელის შექმნის ისტორია სახალისოა, როგორც ნოდარ თუშიშვილი განმარტავს, სახელზე ბევრი არ უფიქრიათ და მეგობრის იდეა, რომ კომპანიისთვის თავად ნოდარის მეტსახელი დაერქმიათ, მისაღები აღმოჩნდა.
არც ნოდარს და არც კომპანიის დამფუძნებლებს ხეზე არასდროს უმუშავიათ, ყველაფერი იდეის გაჩენის შემდეგ შეისწავლეს და მუშაობა დაიწყეს. ნელ-ნელა თანამშრომლებიც შემოემატათ, ახლა კი იმ თაროებსა და სანათებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენს სახლსაც ამშვენებს, სულ 8 ადამიანი ქმნის.
მასალად თხილს, წაბლს, კაკალს, ფიჭვს, ცაცხვს, მუხას და წიფელსაც იყენებენ. ნოდარ თუშიშვილის თქმით, წარმოება მთლიანად ადგილობრივი რომ იყოს, ქართულ ნათურებსა და სადენებსაც მიაგნეს და ცდილობენ, ისინი გამოიყენონ.
"დიზაინზე ნაწილობრივ ჩვენი თანამშრომლები ფიქრობენ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება, ფოტო მომხმარებელმა გამოგვიგზავნოს და გვკითხოს, მისი შემოთავაზებული დიზაინის გაკეთება შეგვიძლია თუ არა, ჩვენ კი შეიძლება მოგვეწონოს და გავაკეთოთ. ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირად გამოდის, მაგრამ ჩვენი თითოეული თანამშრომელი მუდმივად რაღაც სიახლეზე ფიქრობს, თუნდაც ინტერნეტიდან რომ მოიძიოს რაღაც ახალი და შემდეგ დახვეწოს, თავისი იდეა თვითონ განახორციელოს და ასე ნელ-ნელა ვვითარდებით",- აღნიშნავს ნოდარ თუშიშვილი.
პირველი ნივთი ძაღლის ფორმის ხის სანათი სახელად "ჯეკა" იყო, რომელსაც ავტორები ახლაც გულმოდგინედ ინახავენ.

"პირველი ნივთი "ჯეკა" ახლაც ჩვენთან ზის, რომელსაც ვამოწმებთ, რამდენ ხანს გაძლებს, ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, კარგ მდგომარეობაშია. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, ისიც გამძლეა, რადგან მშრალი ხის მასალისგანაა შექმნილი. ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ, ინტერნეტში ვეძებთ, უფრო უკეთესი მეთოდით მასალა როგორ დავამუშავოთ",- განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ნოდარი გაყიდვების მენეჯერია, შესაბამისად, პროფესიულ გამოცდილებას ბიზნესის წინ წასაწევად აქტიურად იყენებს, თუმცა, მისი თქმით, ბიზნესის ნულიდან დაწყება რთული იყო, რადგან ბაზარზე ბევრი იმპორტირებული პროდუქციაა, რომლისთვის კონკურენციის გაწევა დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
"პროცესი საკმაოდ რთულია და ბევრ ნერვებთან და შრომასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოვიდა. მგონია, რომ იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას მაინც უწევს, მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას ყიდულობს და ჯერჯერობით კარგი უკურეაქციაც გვაქვს. ყველას მოსწონს, რომ ეს ქართულია და უკვირთ ხოლმე, საქართველოში ხარისხიანი წარმოება იყოს, ხშირია ხოლმე ასეთი შენიშვნები. თუმცა, საბოლოო ჯამში ბაზარზე დიდი წილი ჯერ მაინც არ გვაქვს", - აღნიშნა ნოდარ თუშიშვილმა.
კომპანია მომავალში წარმოების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს, რასაც დამფუძნებლის განმარტებით, მომხმარებლების განწყობა უწყობთ ხელს.