"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება | Allnews.Ge

"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება

სესხებზე ხელმისაწვდომობა უკვე 2 კვირაა, ძალიან გართულდა, ეს კი სხვადასხვა სფეროს გაყიდვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.

ავტომობილებისა და ტექნიკის მაღაზიების შემდეგ ჯერი უძრავ ქონებაზე მიდგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე კრედიტის გაუცემლობა ბინებზე მოთხოვნას შეამცირებს, შემდეგ კი ფასების კლებას განაპირობებს.

მენაშენეთა ასოციაციასა და უძრავი ქონების ბაზარზე ფიქრობენ, რომ ბანკებმა სესხის გაცემისგან ისეთ პირებზე, რომლებიც გადახდისუნარიანები არ არიან, ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზარი ამის შედეგად შეიძლება, დაზარალდეს.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანკების ახალი რეგულაცია, რაც დაუდასტურებელ შემოსავალსა და სესხის გაცემას უკავშირდება, უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად აისახება. შემცირდება ბინების ფასი და მისი რეალიზაციაც. როსტომაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯზე მენაშენეთა ასოციაცია რამდენიმე წლის წინ საუბრობდა, თუმცა მათი განცხადებები უპასუხოდ დარჩა.

"დაუფიქრებლად აღებული სესხის შედეგს დღეს ყველა ვხედავთ. ის ახალი რეგულაციაც, რომლის გატარებაც ეროვნულ ბანკს დასჭირდა, წლების განმავლობაში უკონტროლობის შედეგია. იმაზე, ახლა რომ დიდ მიგნებად მიაჩნია ეროვნულ ბანკს, ჩვენ, მენაშენეთა ასოციაცია, დაახლოებით 10 წლის წინ ვსაუბრობდით. ამ საკითხს დროდადრო ვაყენებდით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, გაყიდვის მაჩვენებელზე ცუდად იმოქმედებდა.

მარტო რეალიზაციაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ, ქვყნის ეკონომიკის გაჯანსაღება უპირველესია. ამ საკითხს სწორად გააზრება სჭირდება. ადამიანები დაუფიქრებლად იღებდნენ სესხს, ბანკსაც მათი ეს ნაბიჯი უხაროდა, ხოლო წლევანდელ და შარშანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბანკების ძირითადი შემოსავალი არის გირაოში ჩადებული ქონების წართმევა. ცოტა ხანში წასართმევიც არაფერი იქნება და მერე რას იზამენ? ეს არის ეკონომიკის განვითარება?

თბილისის უბნები, სადაც ბინები ყველაზე იაფია

ბანკებმა ამით იხეირეს და ჩვენ არავინ დაგვიჯერა. ბანკი თუ დარწმუნებული არ არის, რომ მსესხებელი კრედიტს დაფარავს თავისი შემოსავლით და არა ქონების წართმევით ან ოჯახის წევრების დაყაჩაღებით, ფული არ უნდა გასცეს", - გაუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.

მისი თქმით, ბანკი არის საფინანსო ინსტიტუტი და იგი უნდა დაკავდეს საფინანსო ოპერაციებით და არა – რეგულარული გამოსახულებით. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება, ბანკები ხელს არ უნდა ითბობდნენ.

"პირდაპირ ვიტყვი, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაუცემლობა უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელს შეამცირებს. მეტსაც გეტყვით, რაღაც პროცენტით ფასიც დაიკლებს, რადგან ფასი დამოკიდებულია მიწოდებისა და მოთხოვნის თანაფარდობაზე, თუმცა ეს ყველაფერი ტრაგედია არ არის", - აღნიშნა როსტომაშვილმა.

ახალი რეგულაცია რომ ბინების გაყიდვის წილსა და მის ღირებულებას შეამცირებს, ამას უძრავი ქონების სპეციალისტი მანანა გოგიშვილიც ადასტურებს. "რეზონანსთან" საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ეს სფერო მთლიანად ბანკებზეა დამოკიდებული და ბოლო პერიოდის შეზღუდვა ვითარებას დაამძიმებს. მაგალითად, თუკი ადამიანს თუნდაც 8000 დოლარი აკლდება ბინის შესაძენად და მას დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე ბანკი თანხას არ უმტკიცებს, წარმოუდგენელია, მან მსხვილი შენაძენის გაკეთებაზე იფიქროს.

"სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი დამოკიდებულნი ვართ ბანკებზე და არა მარტო მყიდველი, არამედ ჩვენც, ვინც უძრავ ქონებას ვყიდით. წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანს თუნდაც 8000 დოლარი აკლდება ბინის შესაძენად და მას დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე ბანკი თანხას არ უმტკიცებს, როგორ მოახერხებს რაიმეს შეძენას? როდესაც პირს 20-40 ათასი აქვს და მცირე თანხა აკლდება, მას კრედიტზე უარი არ უნდა უთხრან.

რაც შეეხება მთლიანად უძრავი ქონების ბაზარს, ბანკების ამგვარი ქმედება კლიენტთა რაოდენობას აუცილებლად შემცირებს, მოთხოვნის კლება კი ფასებსაც დააგდებს. თუნდაც 1 თვის წინ ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით. მოულოდნელად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით", - განუცხადა "რეზონანსს" გოგიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz