რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს უცხოელს საქართველოში მიწის შესაძენად? | Allnews.Ge

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს უცხოელს საქართველოში მიწის შესაძენად?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

როგორც ინიცირებულ კანონპროექტშია განმარტებული, უცხოელებს მიწის შესაძენად არაერთი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. კერძოდ, მათ როგორც საგადასახადო დოკუმენტაცია, ასევე ბიზნესგეგმა და რამდენიმე უწყებისგან მიღებული ნებართვა უნდა წარადგინონ.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, რათა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მიიღოს:

უცხოელმა, რომელსაც სურს, რომ მიწა შეიძინოს, საკუთრების მოსაპოვებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიმართოს, რომელიც პირველ ეტაპზე აფასებს მოთხოვნის დასაბუთებულობას და სახელმწიფო საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული და რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელმა ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ქონების გადასახადის ფაქტს ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

უწყებაში უცხოელმა საინვესტიციო გეგმაც უნდა წარმოადგინოს, რომელში ასახული იქნება განზრახვა "ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენების, ბიომერუნეობის განვითარების, ბიოწარმოების დანერგვის, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების, სადემოსნტრაციო ნაკვეთების მოწყობის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევიების, სასელექციო მეურნეობების მოწყობის და/ან ჯიშთა გამოცდის მიზნით სათანადო კაპიტალდაბანდებების განხორციელების შესახებ" - განმარტებულია კანონპროექტში.

მიწაზე საკუთრების მოპოვების მსურველმა უცხოელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე უნდა წარუდგინოს მტკიცებულება (საკუთრების მოწმობა, საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სათანადო წესით გაცემული საბანკო გარანტია) იმის დასადასტურებლად, რომ განმცხადებელი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს.

გარდა ამისა, უცხოელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაბუთებულად მიიჩნევს პირის მოთხოვნას და ადასტურებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას, ის მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რათა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში 5 წლიანი გამოცდილება დაუდასტუროს და საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაცია გასცეს.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების უფლებაზე უარს ეტყვის, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას გასცემს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობას გადაწვეტილების მისაღებად წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირს შეიძლება მოსთხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად.

რას ყიდულობენ საქართველოში უცხოელები ყველაზე ხშირად

როგორც კანონპროექტშია გაწერილი, უცხოელს საქართველოში არანაკლებ 5 და არაუმეტეს 100 ჰექტარი უნდა ჰქონდეს, ხოლო საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრიან ზონაში მას მიწის ნაკვეთის შეძენა მხოლოდ საგამონაკლისო წესით შეუძლია.

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარეს ენიჭება უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ის ამ მიწის ნაკვეთს იჯარის უფლების საფუძველზე უწყვეტად ფლობს.
გარდა ამისა, კანონის მოქმედება არ ვრცელდება "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, გარდა სახელმწიფო ქონების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევებისა."

კანონპროექტში განმარტებულია, რომ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშიც სასოფლო-სამეურნეო მიწაა, დაუშვებელია წილის/აქციების გახსვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ასევე, დაუშვებელია, საქართველოში რესგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, აქციების ან აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა, იურიდიული აღნიშნული საკუთრების მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი გახდეს.

5 პრობლემა, რასაც მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა გამოიწვევს

როგორც Allnews.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, დაზუსტებით თქმა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები შეიძინონ, ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.

რომან კაკულიას თქმით, დამატებითი დეტალები ორგანული კანონის განხილვის შემდეგ დადგინდება. მისი განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების თემას შესაძლოა ორი კუთხიდან შევხედოთ.

"ერთი კუთხე - თუ ჩვენ მხოლოდ ინვესტორისათვის მიზანშეწონილობის კუთხით შევხედავთ და მხოლოდ ეს არის საზომი, დიდი განსჯაც არ სჭირდება ამას, რომ პოტენციური ინვესტორისათვის რა თქმა უნდა, საკუთრებაში ქონა სჯობს იჯარას, მაგრამ აქ არის მეორე ხედვაც, რომელსაც საფუძვლად უდევს იმ ადამიანების ხედვა, რომლებიც ჩემი აზრით, მსოფლიოს მოქალაქეები ნამდვილად არ არიან. ის კულტურულ-სოციალური გარემო, რომელიც საქართველოშია, მისი შენარჩუნებისათვის ცხადია ჯობს, რომ მიწის გასხვისებასთან უფრო თავშეკავებული და ფრთხილი ვიყოთ, რათა სწორედ ეს სოციალური და კულტურული გარემო არ იქნას მძაფრად შეცვლილი. თუ ჩვენ იმ მთავარი ხედვის მოტივაციად ამ ორი კუთხის ნაზავს გამოვიყვანთ, რაც უნდა ჩამოყალიბდეს, მაშინ მივიღებთ სწორ ხედვას. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი ორი კრიტერიუმი, რომლითაც ამ თემის დანახვა უნდა მოხდეს", - განმარტა რომან კაკულიამ.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის ინვესტიციებს მიენიჭება პრიორიტეტი, რომან კაკულია განმარტავს, მოლოდინი, რომ სოფლის-მეურნეობაში "ინვესტორების რიგი დგას", გაზვიადებულია.

"რა თქმა უნდა, მთავრობას გამონაკლსის დაშვების უფლება უნდა გვქონდეს, როდესაც არსებობს სტრატეგიული პროექტები, რომლებსაც თვისობრივად შეუძლია შეცვალოს სოფლის მეურნეობისადმი ხედვა და განვითარების პერსპექტივა, მაგრამ სწორედ ეს მთავარი სიტყვები უნდა იქნას შერჩეული, რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ვიღაცის კომერიცული მოგება, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ის, არამედ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალტექნოლოგიურ მიდგომებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში სიახლე და ახალი სიტყვა იქნება, ამ შემთხვევაში ამ სიახლის მოზიდვის ინსტრუმენტი მთავრობას უნდა ჰქონდეს, ეს ერთი. არის მეორე ხედვაც - თუ ფარდობითი უპირატესობა, რაშიც ფული უნდა ჩაიდოს და ბიზნეს-გარემოს ფორმირებისათვის აუცილებელი რამდენიმე კომპონენტი: სასამართლო, გადასახადები, დავების მოგვარება და ა.შ, ყველაფერი წესრგიში გვექნება, არ მგონია, რომ ვინმემ მხოლოდ ამ საკუთრებასა და 50 წლიან იჯარას შორის არსებული განსხვავების გამო საქართველოში ინვესიტიცირებისაგან თავი შეიკავოს", - განმარტავს ის.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ მიწის საკუთრებაში პროცესი უფრო მართვადი გახდება.

myquiz