"კრიალა" უცხოურ კონკურენტებს ფასით და ხარისხით ავიწროვებს | Allnews.Ge

"კრიალა" უცხოურ კონკურენტებს ფასით და ხარისხით ავიწროვებს

რამდენიმე წლის წინ საქართველოში მცხოვრები დიასახლისები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დახლებზე ფართო ასორტიმენტით, ქართული წარმოების ჰიგიენური ქაღალდის პროდუქცია გამოჩნდებოდა, რომელიც ბევრად უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იქნებოდა, ვიდრე იმპორტირებული.

იდეა ოთხი წლის წინ გაჩნდა, მიზნამდე მისაღწევი გზა რთული, მაგრამ საინტერესო იყო. შედეგმაც არ დააყოვნა, დღეს ბრენდი "კრიალა" სულ უფრო ხშირად ხვდება მაღაზიის დახლებიდან ჩვენს სახლებში.

საწარმოში, რომელიც ექვსი სახეობის ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს, ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წარმოების მოცულობა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება ნელი

ნაბიჯით, მაგრამ წინ მიდის და იმპორტს სულ უფრო ავიწროვებს.

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია "კრიალა" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. 2015-ში კი უკვე არსებული წარმოების გაფართოების და წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიზნით, კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მონაწილელობა გადაწყვიტა.

სახელმწიფო პროგრამამ 2014 წლიდან დღემდე, მხარდაჭერა აღმოუჩინა 344 პროექტს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული, სასტუმროს და სხვა მიმართულებით. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 850 მლნ ლარზე მეტი შეადგინა და 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ამასთან, "აწარმოე საქართველოში" მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტით, მხარდაჭერილია 221 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 520,7 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამით მხარდაჭერილი პროექტებიდან ახლად შექმნილი საწარმოების რაოდენობა 89 ერთეულია, ხოლო 132 უკვე არსებული საწარმოს განვითარების მხარდაჭერა მოხდა.

კომპანიის განვითარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე, "ბიზნესპრესნიუსი" "კრიალას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ზაზა ბუაძეს ესაუბრა.

ზაზა ბუაძე:

ჩვენმა კომპანიამ, რომელსაც მაშინ "ტისუპეიპერი" ერქვა, მოგვიანებით კი ქართული სახელი "კრიალა" დავარქვით, აქტიური განვითარება 2015 წელს დაიწყო. ჩვენი ამოცანა იყო მეორადი ნედლეულისგან, ანუ მაკულატურისგან გვეწარმოებინა მზა პროდუქცია და პირველ ეტაპზე, დაბალფასიან სეგმენტში ჩაგვენაცვლებინა ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციის იმპორტი, რომელიც იმპერიოდში დიდი რაოდენობით შემოდიოდა უკრაინიდან და რუსეთიდან. მანამდე საწარმოში გვქონდა მცირე დანადგარი, შესაბამისად, მცირე იყო წარმოების მასშტაბებიც და დაახლოებით 15-მდე ადამიანი გვყავდა დასაქმებული. "აწარმოე საქართველოს" პროექტის გარეშე ამას ვერც გავაკეთებდით და არც გავაკეთებდით, რადგან ეს კაპიტალტევადი საქმეა და სულ მცირე 3-4 წელი მაინც არის საჭირო, რომ შემოსავალმა მიმდინარე ხარჯები დაფაროს ნულოვანი მოგების პირობებში ანუ საწარმო ე.წ. "ნულზე გავიდეს". ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპი კომპანიას 2018 ბოლოს დაუდგება, 2019 წლიდან კი უკვე მოგებაზე გასვლას ვგეგმავთ და რა თქმა უნდა, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც ვაპირებთ.

შესაბამისად, ისევე როგორც სხვა ქართულ კომპანიებს, "აწარმოე საქართველოში" ჩვენც ძალიან დაგვეხმარა საქმე განგვევითარებინა. არც ვიცი ისეთი ქართული კომპანია, რომელიც რაღაცას ქმნის, აწარმოებს და ამ პროექტით ჯერ არ უსარგებლია.

პროგრამის წესების მიხედვით, პირველ რიგში ბანკს მივმართეთ. მოგეხსენებათ, თუ კომერციულმა ბანკმა არ მოიწონა პროექტი, ის არც დაფინანსებას გასცემს. ბანკმა ჩვენი პროექტი მოიწონა და "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დაახლოებით 7 მილიონი ლარის მოცულობის კრედიტი მივიღეთ. გარდა ამისა, დამატებით ჩვენი ძალებით კიდევ 3,5-4 მილიონი ლარის რესურსი მოვიძიეთ. ჯამში, 2015-2017 წლებში კომპანიაში დაახლოებით, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტი - 7 მილიონი ლარი, 8 წლის განმავლობაში უნდა დავფაროთ. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის შეღავათი ის არის, რომ ვიდრე კომპანია შემოსავლების გენერაციას დაიწყებს, მანამდე ბანკის პროცენტს სახელმწიფო იხდის. პროგრამაში ჩართვიდან ერთი წლის შემდეგ თანხის ნაწილის გადახდას უკვე კომპანია იწყებს, ორი წლის შემდეგ კი საბანკო პროცენტის და სესხის ძირის გადახდა მთლიანად ბენეფიციარს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათი 2017 წელს დასრულდა და მას შემდეგ კრედიტის თანხას მთლიანად ჩვენ ვფარავთ.

-რისი გაკეთება შეძლო კომპანიამ ამ ორი წლის განმავლობაში?

- დღეს ჩვენ ფაქტობრივად ჩავანაცვლეთ იმპორტი უკრაინიდან და რუსეთიდან. ყოველთვიურად მხოლოდ უკრაინიდან საქართველოში თვეში, დაახლოებით, 160-200 ტონა ჰიგიენური ქაღალდი შემოდიოდა, ახლა მაქსიმუმ 40-50 ტონა შემოდის. გარდა უკრაინისა, დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ხელსაწმენდები და ტუალეტის ქაღალდი შემოდის თურქეთიდან. ამიტომ, ახლა ე.წ. თეთრი ქაღალდის მიმართულებით ვავითარებთ წარმოებას. შესაბამისად, რაც ჩვენ გვემატება წარმოების თვალსაზრისით, იმპორტიორებს აკლდება. მართალია, ეს ბაზარი ყოველწლიურად დაახლოებით, 7-10%-ით იზრდება, მაგრამ ჩვენი წარმოება წელიწადში საშუალოდ 40%-ით მატულობს. ასე, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებით ყველა მოგებულია, ხალხიც, ქვეყანაც, მწარმოებელიც, ზარალობს მხოლოდ უცხო ქვეყნის მწარმოებელი და იმპორტიორი, რომელსაც მანამდე ვალუტა გაჰქონდა ქვეყნიდან და იმპორტირებული პროდუქცია შემოჰქონდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით კი უფრო მეტი ფული რჩება ქვეყანაში, მეტი დოვლათი იქმნება, მეტი ადამიანი საქმდება. ჩვენს პროდუქტებს სახელებიც ქართული აქვთ, "კრიალას" გარდა, შევქმენით მეორე ბრენდიც - "ასფურცელა". სწორედ, "ასფურცელამ" შეავიწროვა და ჩაანაცვლა უკრაინული და რუსული პროდუქცია.

-დღეს რამდენია "კრიალას" წარმოების მოცულობა?

- კომპანიის წლიური ბრუნვა 6-6,5 მილიონი ლარია. წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ მინიმუმ 9 მილიონი უნდა იყოს, რადგან ახალ-ახალ პროდუქტებს ვუშვებთ, რაც მომხმარებელს ძალიან მოსწონს.

-"კრიალას" ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მომხმარებლისთვის რამდენად ხელმისაწვდომი გახდა შესაბამისი სახის ჰიგიენური პროდუქცია?

- "კრიალას" პროდუქცია არანაკლები ხარისხისაა, ვიდრე უკრაინიდან, თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, თუმცა, ჩვენი პროდუქციის ფასი უფრო ხელმისაწვდომია. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი წარმოებისას ლოგისტიკაში დიდი თანხები არ იხარჯება და ეს ფასის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. რადგან ქაღალდი მსუბუქია, მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირება პროდუქტს აძვირებს. ჩვენ კი არა მხოლოდ ამ პროდუქციას, არამედ ზოგიერთ ნედლეულსაც ადგილზე ვაწარმოებთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს მაღალი ხარისხის პირობებში იმპორტირებულზე გაცილებით ხელსაყრელი ფასი შევთვაზოთ.

myquiz