მომავალი წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება | Allnews.Ge

მომავალი წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება

2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალი 1 მილიონ ლარამდე გაეზრდებათ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ახალი რეგულაციები, რომელიც მათთვის საწესდებო კაპიტალის ზრდას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას და შეერთებას ან მათ ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს.

"ჩემი აზრით, მისასალმებელია, რომ ამ სეგმენტში კაპიტალის მოთხოვნა იზრდება, რადგან ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა ჩვეულებრივი ლომბარდი იყო, რომელიც შემდეგ მიკროსაფინანსოდ გადაკეთდებოდა, რადგან მცირე საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა იყო, ამის შედეგად მისი რეპუტაციის თვალსაზრისით მისი წონა იზრდებოდა. თავდაპირველად საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნა 250 000 ლარი იყო, რომელიც შემდეგ 500 000 ლარამდე გაეზარდათ, 2019 წლიდან კი 1 მილიონი გახდება. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ამ ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალზე ადეკვატური მოთხოვნა ჰქონდეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისით გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ისიც აღანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში ამჟამად მოქმედი 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უმრავლესობა გაწევრიანებული არ არის. აღნიშნულ ასოციაციას შემუშავებული აქვს ასოციაციის ეთიკის კოდექსი და რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა ხელს არც ამაზე აწერს," - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.