რამდენი ოჯახი იყენებს საქართველოში ქარისა და მზის ენერგიას და იზრდება თუ არა მოთხოვნა? | Allnews.Ge

რამდენი ოჯახი იყენებს საქართველოში ქარისა და მზის ენერგიას და იზრდება თუ არა მოთხოვნა?

რამდენიმე წელია, საქართველოში მცირე თუ შედარებით დიდი ზომის მზისა და ქარის სადგურების მოწყობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა აღნიშნული ტენდენცია ჯერჯერობით აქტიურად დამკვიდრებული არ არის.

ბაზარზე უკვე გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც მზის პანელებისა და ქარის ტურბინების ინსტალაციას გვთავაზობენ. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე მოთხოვნა ნელი ტემპით იზრდება. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის "მზის სახლის" 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 8 მიკროელექტროსადგურის ინსტალაცია მოხდა, აქედან 4 თბილისშია, დანარჩენები კი რეგიონებში.

"2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომპანიამ თუშეთის საოჯახო სასტუმროებისათვის დააკომპლექტა 780 ვატი პიკური სიმძლავრის რვა ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა. წლის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდა შვიდი ერთეული მიკრო სომძლავრის მზის ფოტოელექტრული სისტემა",- იუწყება კომპანია.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი Helios Energy Georgia, რომელიც მსურველებს ალტერნატიული ენერგიის სადგურების მონტაჟში ეხმარება. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თორნიკე დარჯანიას თქმით, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მათ 4 მცირე, ჯამში 40 მეგავატი სიმძლავრის სადგური დააინსტალირეს, 4-ივე თბილისშია და საერთო ქსელზეა დაერთებული. ორი კი რაჭასა და ასპინძაში დაამონტაჟეს, სადაც საერთო ქსელი არ მიდის და იქ მყოფები იძულებულები გახდნენ, ელექტროენერგია მზისგან მიეღოთ.

სახლი თბილისში, რომელიც ქარის და მზის ენერგიაზე მუშაობს

"ერთი სადგურის მონტაჟს დაახლოებით 2 დღე ესაჭიროება და რაც უფრო დიდი სიმძლავრის სადგურს აინსტალირებ, უფრო ნაკლები ჯდება. მაგალითად, თუ 1 კილოვატის ფასი 1 000$-ია, 100-კილოვატიანი შეიძლება 700$-იც დაჯდეს, რადგან სიმძლარის ზრდასთან ერთად, ფასი იკლებს," - განმარტავს თორნიკე დარჯანია.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში მზის პანელებზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ქარის სადგურებზე, რადგან მზის სადგურების ინსტალაცია უფრო მარტივია, შედეგი კი გარანტირებული. მიუხედავად ამისა, თორნიკე დარჯანიას განმარტებით, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის სადგურებში ინვესტიციის ჩადება უჭირთ.

"მზის სადგურის ტექნოლოგიის ფასი იკლებს, დენის ტარიფი კი იზრდება, შესაბამისად, ოდესღაც დაჯდება ტარიფის ის მაჩვენებელი, რომ ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5-6 წელი იქნება და არა 10-20 და საქართველოშიც ადამიანი დარწმუნდება, რომ ამაში თანხა უნდა ჩადოს," - დასძენს Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი.

რამდენი ალტერნატიული ენერგიის სადგური ფუნქციონირებს საქართველოში და როგორია მათი რაოდენობის გაზრდისა და განვითარების პოტენციალი, ამის შესახებ Allnews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების წყაროების სამმართველოს უფროსი, მარიტა არაბიძე ესაუბრა.

როდიდან დაიწყო საქართველოში ალტერნატიული ენერგიის დანერგვა და ამჟამად რამდენი სადგური ფუნქციონირებს?

ჩვენ ძირითადად, მაინც ჰიდროსფეროში განხორციელებული პროექტები გვაქვს. უკვე თითქმის 20%-ით ადგილობრივი რესურსებს ვითვისებთ. რაც შეეხება მზეს და ქარს, 2016 წელს ექსპლუატაციაში შევიდა პირველ ქარის ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 20,7 მეგავატია, წელიწადში კი დაახლოებით 88 მილიონ კვტ/სთ ელექტრონერგიას გამოიმუშავებს. ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელმაც ნამდვილად დაადასტურა, რომ საქართველოს ქარის ენერგიის კარგი პოტენციალი აქვს.

მზის ენერგიასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დასრულებული გვაქვს ქართლის 5 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში მშენებლობის ეტაპზე გადავალთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იბადება კითხვა, ეს მიმართულება საქართველოში უფრო მეტად განვითარებული რატომ არ არის. ევროპაში ამ ტიპის ენერგიები უფრო დაფასებულია, ვგულისხმობ ტარიფებს, ე.წ მწვანე ტარიფს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ამ ტიპის ტარიფი არ გვაქვს, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და არსებობს კონკრეტული დირექტივა, რომლის მიხედვითაც ეს შესამუშავებელი გვექნება, უბრალოდ ამის კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებთ, შეიძლება იყოს 2019 წლის ბოლოდან.

მინდა ასევე ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, ეს არის ე.წ ნეტო აღრიცხვის სისტემა, აქ უბრალოდ სიმძლავრეები არის შემცირებული, ეს არის 100 კვტ სიმძლავრის ნებისმიერი გენერაციის ობიექტის მშენებლობის დროს მას შეუძლია თავის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიიდან გაყიდოს და მიაწოდოს ქსელს.

მნიშვნელოვანია, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რომლის მეშვეობითაც გენერაციის ობიექტის მფლობელს ჭარბი ენერგიის ქსელში ჩაშვება და მისი საფასურის მიღება შეუძლია, დაახლოებით 20-მდე მომხმარებელია ჩართული, რომლებიც მზის მცირე სადგურებს იყენებენ. ეს ჯამში დაახლოებით 100-200 კილოვატამდე სიმძლავრე გამოდის, გამომუშავება კი წლიურად დაახლოებით 130 000 კვტ/სთ-ია. დღეის მდგომარეობით რაც გვაქვს არის ის, რომ მსგავსი სისტემები განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მცირე ზომის სასტუმროებსა და შინამეურნეობებში მოქმედებს, და ეს არის განახლებადი ენერგიების წამახალისებელი სქემა, რომელიც უკვე საქართველოს ბაზარზე მოქმედებს.

რამდენად აქტიურად ვითარდება საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროები?

რამდენმა ადამიანმა გააკეთა ინდივიდუალური მზის სისტემის სადგურები, ამისი სტატისტიკა არ არსებობს. ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური არის 20 კილოვატიანი და პანელები დამონტაჟებულია N95 ბაგა-ბაღში, ასევე პანელები დამონტაჟებული აქვს ერთ-ერთ კომპანიას, ასევე გვხვდება ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, დანარჩენი კი არის შინამეურნეობებში.

მზისა და ქარის ენერგიაზე გადასვლის თვალსაზრისით როგორი სამომავლო პროგნოზები გაქვთ?

სამწუხაროდ, ამის პროცენტულ მაჩვენებელში თქმა რთულია, თუ ახლო მომავალში შემუშავდება წამახალისებელი კანონმდებლობა, მაშინ რასაკვირველია, ამ ტიპის პროექტების განხორციელება უფრო სწრაფად მოხდება. მიმაჩნია, რომ აღნიშნული სისტემების განხორციელება ფეხს შინამეურნეობებში უფრო მოიკიდებს. თუმცა, საერთო ჯამში შინამეურნეობებში ე. წ მზის სისტემების განთავსება, ენერგეტიკულ ბალანსში მაღალ მაჩვენებელს ვერ მოგვცემს, ჩვენს ენერგეტიკაში ეს დიდ ადგილს ვერ დაიკავებს. მაგრამ თუ საქმე მიდგება გენერაციის დიდ ობიექტებზე, ამ შემთხვევაში სწორედ საჭიროა დამატებითი სატარიფო მექანიზმის შემუშავება და შედეგებიც უფრო პოზიტიური იქნება.

ქართლში განხორციელებული 5 მეგავატიანი მზის სადგურის პროექტი იქნება საჩვენებელი და საპილოტე. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ მზის რადიაციის მიხედვით საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ მზის, როგორც გენერაციის ობიექტების პოტენციალის გამოყენებას დავიწყებთ, ეს ბოლომდე წარმატებული არ იქნება, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორიები არ აქვს. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მზის პანელების განთავსებასა და გენერაციის ობიექტების მშენებლობას საკმაოდ დიდი ტერიტორია სჭირდება.

myquiz