გუდაურში ხელოვნური ტბა მოეწყობა | Allnews.Ge

გუდაურში ხელოვნური ტბა მოეწყობა

გუდაურში ხელოვნური 1 000 000 კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური ტბა მოეწყობა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

ხელოვნური რეზერვუარის მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ფერი" ახორციელებს. ამ ეტაპზე საკვლევ-საძიებო და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის ნოემბრის ბოლოა განსაზღვრული.

"გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტს წარმოადგენს, სადაც სათხილამურო სეზონი ყოველწლიურად, დეკემბრიდან დაახლოებით აპრილის თვემდე გრძელდება. კურორტზე, როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე უცხოელი ტურისტების რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება და მათ შორის გუდაურის საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე დამატებითი სამუშაო ადგილებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, 2014 წელს, I ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს II ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია მოეწყოს დაახლოებით 100 000 მ3-ის მოცულობის წყლის ხელოვნური რეზერვუარი. რეზერვუარის წყლით შევსება გათვალისწინებულია სოფელი გუდაურის წყალმომარაგების სისტემიდან, ზაფხულის პერიოდში, როდესაც წყლის მოხმარება მინიმალურია, ხოლო დებიტი მაქსიმალური. ზამთრის პერიოდში, სათავეზე წყლის დებიტი მცირდება, ამასთან იზრდება მოხმარება. რეზერვუარში დაგროვილი წყალი საშუალებას მოგვცემს ზამთრის სეზონზე განვახორციელოთ ხელოვნური თოვლის წარმოქმნა. აღნიშნული უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას,“ - განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 11,388,298 ლარია.