პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა | Allnews.Ge

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა გუშინ, 111 ხმით ერთხმად მიიღეს.

კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10,490 მილიარდ ლარს, საიდანაც, საგადასახადო შემოსავლები - 9,490 მილიარდი ლარია; სხვა შემოსავლები - 460,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლებიდან მისაღები 50,0 მლნ ლარის ოდენობით; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 80,0 მლნ ლარი; პრივატიზაცია - 60,0 მლნ ლარი;

საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრები - 400,0 მლნ ლარი;

დონორების დაფინანსება შეადგენს 1,951 მილიარდ ლარს, საიდანაც: გრანტები - 364,2 მლნ ლარია, ხოლო კრედიტები - 1,587 მილიარდი ლარი;

2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს, რომლის დაფინანსების წყაროებია: საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 861,8 მლნ ლარი (71.5%); საშინაო ვალის წმინდა ზრდა და ნაშთის გამოყენება - 344.2 მლნ ლარი (28,5%);

2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10,260 მილიარდ ლარს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე 520.0 მლნ ლარით მეტია. მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია.

დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია: დღგ - 4,400 მილიარდი ლარი; საშემოსავლო გადასახადი - 3,160 მილიარდი ლარი; აქციზი - 1,450 მილირადი, მოგების გადასახადი - 630.0 მლნ ლარი; ქონების გადასახადი - 390,0 მლნ ლარი; იმპორტის გადასახადი - 60,0 მლნ ლარი; სხვა გადასახადები - 170,0 მლნ ლარი.

მეორე წარდგენასთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დაახლოებით, 56 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 12 მილიარდ 459 მილიონს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა 2018 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

მომავალ წელსაც სამინსტროებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროებს აქვთ. კერძოდ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 528.0 მლნ ლარი იქნება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 1 815.0 მლნ ლარი და განათლების სამინისტროს - 1 186.2 მლნ ლარი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგი ასახული არ არის. უწყების განმარტებით, ეკონომია და ოპტიმიზაციის რეალური შედეგი მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

myquiz