ტექნიკა, მედიკამენტები, ტანსაცმელი - რა გააძვირა ლარის გაუფასურებამ? | Allnews.Ge

ტექნიკა, მედიკამენტები, ტანსაცმელი - რა გააძვირა ლარის გაუფასურებამ?

ბოლო რამდენიმე კვირაა, ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად უფასურდება. გამყარების ტენდენცია კი ჯერჯერობით არ შეინიშნება. ლარის გაუფასურება უკვე აისახა საწვავის ფასზე, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 12-18 თეთრით გაძვირდა, რაც ამავროულად, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებსაც უკავშირდება.

5-10 თეთრით გაძვირდა ავტოგაზიც. როგორც ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, საერთაშორისო ბაზარსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები საწვავის ფასებზე ადეკვატურად აისახა:

"ნოემბრის თვეში ფასების მატება რამდენჯერმე მოხდა, რაც აბსოლუტურად ყველა ოპერატორ კომპანიას, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს შეეხო. ფასები მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავზე უფრო მეტად არის მომატებული, სუპერის ტიპის საწვავზე ნაკლებად, მაგრამ გაძვირება ყველა ტიპის საწვავს შეეხო"

მგზავრობის გაძვირება დაიწყო - "რეზონანსი"

საწვავზე ფასის ზრდას ადასტურებენ საწვავის ბრენდირებულ კომპანიაშიც, თუმცა ფასის კლებას ან მატებასთან დაკავშირებით მათ პროგნოზების გაკეთება უჭირთ, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვარაშვილის განმარტებით კი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურად მომატებისა და ლარის გაუფასურების ტენდენციის გათვალისწინებით, საწვავზე ფასების შემცირება ნაკლებადსავარაუდოა.

საწვავის გაძვირება სხვა პროდუქციაზე ფასების მატებასთან მიმართებაში ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, იზრდება მედიკამენტების, პირველადი მოხმარების პროდუქციისა და საკვები პროდუქტების ღირებულება. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0,8%-ით გაიზარდა, სადაც ძირითადი წილი რამდენიმე პროდუქტისა და სერვისის გაძვირებაზე მოდის.

კერძოდ, 1,6%-ით ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ასევე ზეთსა და ცხიმზე.
ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 6,5%-ით გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც.

რაც შეეხება მედიკამენტებს, 2017 წლის პირველ ნახევარში მათი ფასი გაიზარდა, თუმცა ამჟამად აღნიშნულ პროდუქციაზე ფასების მატების კონკრეტული მაჩვენებელი არ არსებობს. როგორც "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე განმარტავს, დოლარის გაძვირების შედეგად ფასები იმატებს იმპორტირებულ პროდუქციაზე, შესაბამისად, მედიკამენტებზე, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება პენსიონერებზე, - "ფასების გაზრდის მხრივ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან ადამიანები, ვინც მედიკამენტებს მოიხმარენ, კერძოდ, პენსიონერები და როგორც წესი, მათთვის ძალიან სწრაფად ძვირდება მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად, შემოგვაქვს ევროში ან დოლარში. ზოგადად, ჩვენი შემოსავლის დიდ ნაწილს პროდუქტების შეძენაში ვხარჯავთ და მათი გაძვირებაც, რა თქმა უნდა, მტკივნეულია", - დასძენს ის.

იმპორტირებულ პროდუქციას შორის ფასები იზრდება ტექნიკაზეც, რომლებიც ზემოჩამოთვლილთან შედარებით შესაძლოა, ფუფუნების საგნადაც კი აღვიქვათ.

როგორც გიორგი კეპულაძე განმარტავს, როდესაც მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება და შემოსავლის დიდ ნაწილს პროდუქტების შეძენაში ხარჯავენ, ტექნიკის შესაძენად თანხები აღარ რჩებათ.

"სწორედ ამიტომ ტექნიკის მაღაზიები მიმართავენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ცდილობენ, თავიანთი პროდუქცია გაყიდონ, რომლის რეალიზაციაც სწორედ გაცვლითი კურსის გამო უჭირთ".

Allnews.ge რამდენიმე ტექნიკის მაღაზიასაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, გაიზარდა თუ არა მათ პროდუქციაზე ფასები ვალუტის კურსის გამო. მაღაზიებში ადასტურებენ, რომ ფასებმა მოიმატა, რადგან მათ სერვისები თავად გაუძვირდათ, - "იმოქმედა გაცვლითმა კურსმა და ფასები გაიზარდა. მაგალითად, 1 000 ლარის ღირებულების ტელეფონის ფასმა 50 ლარით მოიმატა, რაც არც ისე მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დასტაბილურდება, ფასებიც დაიწევს", - აღნიშნეს ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში.

ახალ პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა სხვა ქსელშიც, სადაც ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ.

"ჩვენს ქსელში ფასებზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, ერთი მომწოდებლის მიერ დადგენილი ფასი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა მსოფლიო ბაზარზე კონკრეტული პროდუქციის დეფიციტი და საქართველოში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსი. ვალუტის გაცვლით კურსს ჩვენს ქსელში არსებულ ტექნიკის ღირებულებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ თუ მომავალში ლარის არასტაბილურობა გაგრძელდა, ფასებიც მოიმატებს, თუმცა გარკვეული პროდუქციის ღირებულება ცხადია, გაიზრდებოდა", - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის თვის ინფლაციასთან დაკავშირებით მონაცემებს საქსტატი გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოა, რომ სამომხმარებლო პროდუქტების ფასები მიმდინარე თვეშიც გაიზარდა.

myquiz