რა ეღირება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი, რომელიც ბაზარზე 1 თვეში გამოჩდება | Allnews.Ge

რა ეღირება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი, რომელიც ბაზარზე 1 თვეში გამოჩდება

გადასატანი კოტეჯების ახალი ქართული ბრენდი Kote.ge, რომლის აწყობაც 25 წუთშია შესაძლებელი, ბაზარზე 30 ნოემბრიდან გამოჩნდება.

თავდაპირველად, 9 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯების რეალიზაცია დაიწყება, რომლის ფასიც მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა, ზოგადად კოტეჯების საორიენტაციო ღირებულება ამჟამად 5 000 ლარია. Kote.ge-ს დამფუძნებლის, ლევან ტყემალაძის თქმით, შესაძლოა, მომხმარებელს 4 500 ლარიანი არჩევანიც შესთავაზონ.

"ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ მომხმარებელს რა მოთხოვნები ექნება," – განმარტავს ის.

როგორ გამოიყურება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი

ფასის განსაზღვრა კომუნიკაციების მიხდვითაც მოხდება. ლევან ტყემალაძის თქმით, კანალიზაციისა და ნარჩენების გადამუშავებისთვის კომპანიას რამდენიმე ვარიანტი აქვს, – "თუ ლოკაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ცენტრალურ საკანალიზიო სისტემაზე დავერთოთ, თვითონ კოტეჯს ყველაფერი წინასწარ ექნება დამონტაჟებული და მხოლოდ მილების შეერთება დაგვჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი ან ლოკაცია ამის საშუალებას არ გაძლევს და იქ კომუნიკაციები არ არის, არის სპეციალური ნარჩენგადამამუშავებელი სისტემები, შედარებით ხელმისაწდომიც და ძვირიც, რომელსაც დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ," – აღნიშნავს Kote.ge-ს დამფუძნებელი.

ლევან ტყემალაძის თქმით, დასაწყისისთვის გადასატანი კოტეჯის შეკვეთა შესაძლებელი იქნება კომპანიის ვებგვერდზე, შემდეგ კი იგი რამდენიმე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტში გაიყიდება.

"ჰიპერმარკეტებში თვის ბოლოდან არ გამოჩნდება, რადგან მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა ამაზე ვმუშაობთ, რომ კოტეჯები, როგორც პროდუქტი, წარმოდგენილი იყოს".

წელს, გადასატანი კოტეჯები, შესაძლოა, ზამთრის კურორტებზეც გამოჩნდეს.

"დაინტერესება განსაკუთრებით მესტიიდან და გუდაურიდან გვაქვს. უფრო მეტი დაინტერესება მოდის იმ სეგმენტისგან, რომელსაც კოტეჯის გაქირავება და კომპლექსების მოწყობა სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, კერძო სექტორიდან, ვისაც სურს, შეუძლია, კოტეჯი ეზოში ჩადგას და გამოიყენოს. ასევე დიდი გამოხმაურებაა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისგან, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კურორტებისთვის" – აღნიშნავს ლევან ტყემალაძე.

Kote.ge-მ თავდაპირველად პროტოტიპი შექმნა, რომელიც 9 კვ.მ ფართობისაა და შვიდი ნაწილისგან შედგება. კედლების ასაწყობად გამოყენებულია ხის კარკასი, ხოლო სახლი შინდლითაა გადახურული.

ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ

myquiz