პირველად საქართველოში ბროკოლი, კომბოსტო და ბოლოკი მწვანილის სახით იყიდება | Allnews.Ge

პირველად საქართველოში ბროკოლი, კომბოსტო და ბოლოკი მწვანილის სახით იყიდება

პირველად, საქართველოში ბოსტნეული მიკრომწვანილის სახით, ურბანულ სათბურში მოჰყავთ. ქვეყანაში როგორც მიკრომწვანილი, ისე ურბანული სათბური, რომელიც ვერტიკალურადაა მოწყობილი, სიახლეს წარმოადგენს. მისი მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლები, ცოლ-ქმარი, მარიტა გენებაშვილი და ლევან შათირიშვილი არიან.

რა არის მიკრომწვანილი და როგორია ურბანული ვერტიკალური სათბურის ტექნოლოგია? ამის შესახებ Allnews.ge ვერტიკალური ფერმის დამფუძნებლებს ესაუბრა.

მიკრომწვანილის საქართველოში მოყვანისა და რეალიზაციის იდეა წყვილს წლების წინ გაუჩნდა, თავდაპირველად მისი სატესტო რეჟიმში მოყვანა დაიწყეს, რამდენიმე თვის წინ "სტარტაპის" სახით თბილისში 150 კვ.მ ფართობზე ვერტიკალური ფერმა მოაწყეს. მათი პროდუქტები სხვადასხვა ჰიპერმარკეტის თაროებზე უკვე გამოჩნდა.

"მიკრომწვანილი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, ესპანეთსა და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გავრცელებულია, შესაბამისად, ვიფიქრეთ, რატომაც არ შეიძლებოდა, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მითუმეტეს, კვლევებმაც დაადასტურა, რომ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია," - განმარტავს მარიტა გენებაშვილი.

მიკრომწვანილი ბოსტნეულია, რომელიც ვერტიკალურ ფერმაში მწვანილის სახით მოჰყავთ, - "მაგალითად, მოგვყავს მდოგვი, რუკოლა, წითელი კომბოსტო, სალათის ფურცელი, ჭარხალი, ბროკოლი, ბოლოკი, წიწმატი, რომლებსაც მწვანილის ფორმა აქვს, თუმცა, როდესაც გასინჯავთ, მას რომელიმე კონკრეტული ბოსტნეულის გემო აქვს. მიკრომწვანილს როგორც წესი, უფრო მკვეთრი არომატი აქვს, რადგან მთელი მიკროელემენტებით, არომატითა და ვიტამინებით სრულადაა გაჯერებული,"- აღნიშნავს ფერმის მფლობელი.

რაც შეეხება მიკრომწვანილის მოყვანის ტექნოლოგიას, მარიტა გენებაშვილის თქმით, ვერტიკალური ფერმისთვის საქართველოში ინვენტარი არ არსებობს, ამიტომ მისი შეძენა უცხოელი მომწოდებლებისგან უწევთ.

"სერთიფიცირებული თესლი აშშ-დან ჩამოგვაქვს, რომელიც 14-18 დღეში უკვე მოსავალს იძლევა. მოყვანის ტექნოლოგია მარტივია, უბრალოდ ჩვეულებრივი დათესვისგან განსხვავებით, უფრო მჭიდროდ ითესება. ფიზიკურად არ აქვს ადგილი, რომ იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე მწვანილის ფორმაა. ვერტიკალური ფერმა კი ფერმერობაში თანამედროვე და ძალიან ახალი მიდგომაა, რადგან ეს არის ურბანული ტიპის სათბური, რომელიც შეგვიძლია, ქალაქში, მცირე ფართობშიც მოვაწყოთ და დიდი ფართობისთვის შესაბამისი მოსავალი მოვიყვანოთ. მაგალითად, 10 კვ.მ ფართობზე შეგვიძლია, 700 კვ.მ-ს შესაბამისი პროდუქცია მოვიყვანოთ, რაც სტელაჟების ვერტიკალურად განთავსებით ხდება, შესაბამისად, ვერტიკალურ ფერმა სტელაჟური სისტემით კეთდება," - განმარტავს მარიტა გენებაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება მომზადების წესებს, მისი ბუნებრივი თვისებების შესანარჩუნებლად, უმჯობესია, მიკრომწვანილი ცოცხლად გამოვიყენოთ სენდვიჩის მოსამზადებლად, წვნიანსა თუ სალათზე მოსაყრელად, თუმცა მისი კერძში გამოყენებაც შესაძლებელია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz