რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა | Allnews.Ge

რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა

ტერმინი "ლიზინგი", სათავეს იღებს ინგლისური სიტყვიდან Lease და ქირის საფასურით ქონების აღებას/გაცემას ნიშნავს. ბოლო პერიოდში ლიზინგით მომსახურება საქართველოშიც აქტუალური გახდა, კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა პირობებსა და პროცენტს სთავაზობენ. რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა, ამის შესახებ Allnews.ge ექსპერტსა და რამდენიმე სალიზინგო კომპანიას ესაუბრა.

"ლიზინგი განვადების მსგავსი სერვისია, რომელიც კომპანიებისა და სხვადასხვა ფირმის მიერ ძირითადად, საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენება, თუმცა, ლიზინგით სარგებლობა ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ" - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.

"მაგალითად, მცირე სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია, ავტომობილები ლიზინგით შეიძინოს, რომელთა ღირებულების ნაწილს თავად გადაიხდის, ნაწილს კი სალიზინგო კომპანია დაუფარავს.

პროცენტი სალიზინგო კომპანიის მიერ დაფარული თანხის მიხედვით განისაზღვრება,".

გიორგი კეპულაძის განმარტებით, ლიზინგით მომსახურების მიღება მომხმარებლისთვის ხელსაყრელია, რადგან საპროცენტო განაკვეთები დაბალია და სალიზინგო კომპანიის დახმარებით, შეძენილი ტექნიკა-დანადგარების ან სხვა აღჭურვილობის ღირებულების ნაწილის დაფარვის შემდეგ, მათი გადაფორმება მომხმარებელზე ხდება.

"ლიზინგის მეშვეობით, კომპანიას რაღაც ინვენტარის ან საწარმოო დანადგარების შეძენა შეუძლია, რომელსაც შემდეგ ამუშავებს, შემოსავალს მიიღებს და ამის საშუალებით, შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც სალიზინგო კომპანიასთან აქვს გაფორმებული. მაგალითად, თუ პირს ავტოსამრეცხაოს გახსნა სურს და დანადგარების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის, შეუძლია, სალიზინგო კომპანიას მიმართოს, დანადგარების ღირებულების 30%-40% დაფაროს, სამრეცხაო გასხნას, ამუშაოს და ასე შეასრულოს სალიზინგო კომპანიის წინაშე აღებული ვალდებულება," - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ქართული სალიზინგო კომპანიები, ბოლო დროს საკმაოდ აქტიურები არიან, თუმცა ისინი ძირითადად, ბანკებთან ერთად საქმიანობენ და საპროცენტო განაკვეთები სესხების მსგავსად, მომხმარებლის ეკონომიკური მდგომარეობიდან, მინიჭებული სარეიტინგო ქულებიდან და რისკიდან გამომდინარეობს.

სალიზინგო მომსახურება როგორც ბანკებს, ისე ცალკეულ კომპანიებსაც აქვთ.

ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიის ინფორმაციით, ფიზიკური პირს სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა, მეორადი და ახალი ავტომობილების შეძენის შემთხვევაში შეუძლია. სხვა ტექნიკისა და მაგალითად, სამშენებლო დანადგარების შეძენა კი იურიდიული პირის მიერ უნდა მოხდეს.

"იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი თანადაფინანსება 15 000-დან 40 000-მდე ლარი მაინც უნდა იყოს, რომ კომპანიის ექსპერტებმა პროექტის წერა დაიწყონ. ამ შემთხვევაში, კომპანიის თანამონაწილეობა დანადგარების ღირებულების 20%-ს შეადგენს, რომელსაც იურიდიული პირი გარკვეული ვადის განმავლობაში დაფარავს. ფიზიკურ პირს ჩვენთვის მომართვა ნებისმიერი თანხის ქონის შემთხვევაში შეუძლია," - განმარტავენ კომპანიაში.

კიდევ ერთ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირს მსუბუქი ავტომობილისთვის სალიზინგო მომსახურებას იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მინიმუმ 2005 წელსაა გამოშვებული, მომავალ წელს კი ეს ვადა 2006 წლამდე გადაიწევს.

"ფიზიკური პირის დაფინანსება მხოლოდ ავტომობილებზე შეგვიძლია.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, თუ ორგანიზაცია, საქმიანობას ახლა იწყებს და საქმე ე.წ Startup-თან გვაქვს, ტექნიკის ღირებულების 40%-ის დაფარვა სწორედ მის მიერ უნდა მოხდეს, დანარჩენს სალიზინგო კომპანია აანაზღაურებს. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი უკვე საქმიანობს და გარკვეული შემოსავალი აქვს, მაშინ კონსულტაციებს კომპანიის წარმომადგენელთან გაივლის და პროცენტი სწორედ ამის მიხედვით დადგინდება," -განმარტავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ თუ საკუთარი ბიზნესის გაფართოება ან განახლება გსურთ, რისთვისაც შესაბამისი ტექნიკაა საჭირო, ამაში შესაძლოა, ლიზინგით სარგებლობა დაგეხმაროთ.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz