"თუ ბიზნესმენი დიდ საქმეს აკეთებს და მთლად წესიერებით ვერ გამოირჩევა, ეპატიება" - ბიზნესინტერვიუ თემურ ჭყონიასთან | Allnews.Ge

"თუ ბიზნესმენი დიდ საქმეს აკეთებს და მთლად წესიერებით ვერ გამოირჩევა, ეპატიება" - ბიზნესინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

"პლიატრანიუსის" გადაცემა "ბიზნესბლიცში" მოულოდნელ შეკითხვებს ბიზნესმენმა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ უპასუხა.

ჭყონიას თქმით, ბავშვობაში გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რა პროფესიას აირჩევდა, -" ეს არავინ იცოდა, რადგან მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ადამიანის კარიერა იმ წყობაზე იყო დამოკიდებული, რომელ წყობაშიც ცხოვრობდა.

კომუნისტურ სისტემაში როგორ შეიძლება ადამიანს ეფიქრა იმაზე, რა უნდა გამოსულიყო.

ექიმების შვილები ექიმები გამოდიოდნენ, ინჟინრების შვილები ამავე პროფესიას ირჩევნენ და ა.შ. მე ბავშვობაში არ მიფიქრია, რა პროფესიას ავირჩევდი, დედაჩემი გინეკოლოგი იყო და სურდა, მეც ეს პროფესია ამერჩია. მე რომ გინეკოლოგი ვყოფილიყავი, რა უბედურება იქნებოდა, არცერთი ბავშვი არ დაიბადებოდა, ალბათ, შიშით,"- განმარტავს ის.

თემურ ჭყონიამ მუშაობა, დაახლოებით 17 წლის ასაკში დაიწყო, - "მოსკოვში მარტო წავედი სასწავლად, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ვერ მოვეწყე, ქულები არ მეყო და პურის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. პურის ქარხანაში მუშაობა სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ იქ ჩემ გარდა 240 ქალი მუშაობდა და კაცი მხოლოდ მე ვიყავი. მერე პატარა კარიერაც ავიწყე, უფროსად გადამიყვანეს..."-იხსენებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, კარგი ბიზნესმენის მთავარი თვისება, ჭკუაა.

"წესიერი უნდა იყოს და ეს თუ დაემთხვა ჭკუას, ხომ საერთოდ "მაგარი ტიპი" იქნება. თუ მაგალითად, დიდ საქმეს აკეთებს და ბევრ ხალხს ასაქმებს, ახალ ტექნოლოგიებს ქმნის და მთლად წესიერებით ვერ გამოირჩევა, ეპატიება,"- ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის აუცილებელი ცოდნაა "ხალხი ხშირად ამბობს, რომ 24 საათის განმავლობაში შრომობენ, თუმცა თუ ადამიანს ცოდნა აქვს, შეიძლება, 24 საათის ნაცვლად, იმდენი ცოდნა დაჭირდეს, რამდენიც ამ საქმეს სჭირდება. მთავარია შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, პრინციპულობა. საქართველოში, ჩემი შეხედულებით, ბევრი ადამიანი წარსულით ცხოვრობს, ეს ეამაყებათ. რაც უფრო ცუდია, ბევრი ადამიანი მომავლით ცხოვრობს და ნაკლები ადამიანი აწმყოთი.

სჯობს, რომ აწმყოთი იცხოვრო,"-განმარტავს ის.

თემურ ჭყონიასთვის ფული არის შედეგი, - "არსებობს კატეგორია ხალხისა, რომლებიც ფულის კეთების სპეციალისტები არიან. ეს მათი ხელობაა. მათთვის ფულის სიდიდესა და სიმრავლეს არ აქვს მნიშვნელობა. ბაფეტი ან ბილ გეითსი ფულს იმიტომ კი არ შოულობენ, რომ ხარბები არიან, ეს მათი ხელობაა," -აღნიშნავს ის.

მისი აზრით, ბიზნესმენის სტატუსის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ის ყოველთვის კონტროლის ქვეშაა. წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესმენები დგანან სცენაზე, დანარჩენები მაყურებლები არიან, ყველა ამ ბიზნესმენს უყურებს, თუ როგორ იქცევა, როგორც იცვამს, სად დადის, ვის ხვდება, რამდენი ფული აქვს, როგორ ჭამს, როგორ სვამს და არავინ არ კითხულობს, ბედნიერია თუ უბედურია ის ამ სცენაზე დგომით,"-აღნიშნავს ის.

ბიზნესი და პოლიტიკა, მისი თქმით, წარმოუდგენლად მჭიდროდ არიან დაკავშირებულები,- "პოლიტიკოსებიც ერევიან ბიზნესში და ბიზნესმენებიც ერევიან პოლიტიკაში. პოლიტიკა ძალიან გადახლართულია. რომ ამბობენ, რომ ჩვენ, ბიზნესმენები პოლიტიკაში არ ვერევითო, როგორ არ ერევიან. არჩევნებში ერევი, მხარდამჭერი ხარ, კრიტიკით გამოდიხარ, პოლიტიკოსებთან მეგობრობა გინდა, იპრანჭები, რომ მათ გვერდით იდგე, შეხვედრებს ესწრები, პოლიტიკა მეტი კი არაფერია." - განმარტავს თემურ ჭყონია.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის თქმით, მეგობრული ურთიერთობა ბიზნესში მიღებული არ არის, რადგან ბიზნესს თავისი კანონები აქვს და ის კანონები ემოციებსა და სიყვარულზე აგებული არ უნდა იყოს. "ყველა ბიზნესმენს თავისი მორალი აქვს, ზოგისთვის მისაღები რამ სხვისთვის მიუღებელია. ხშირად ამბობენ, რომ ტყუილი ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ხანდახან, შეიძლება, ტყუილით უფრო მეტი მოიგო, ვიდრე სიმართლით,"-აღნიშნავს ის.

"კონკურენტებს რომ არ ვუყვარვარ, ფაქტია, რადგან განსხვავება იმაშია, რომ, ამბიციაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩვენი პროდუქციის ხარისხობრივად დაწევა ძალიან ძნელია, ამიტომ კონკურენტები სულ გვიყურებენ, როგორც მიუღწეველ მტერს,"- განმარტავს ის.

თემურ ჭყონია დამწყებ ბიზნესმენებს რჩევებს აძლევს, -"დღევანდელი ტექნოლოგიები, დღევანდელ მსოფლიოში იმის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებმა მოძებნონ ისეთი პროდუქტი, რომელსაც საზღვარგარეთ გაყიდიან. არავითარ შემთხვევაში, ბიზნესი მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ორიენტირებით არ უნდა დაიწყონ. ეს ცუდია, რადგან, ამ ქვეყნის ბაზარი პატარაა, ჩვენ მიერ ნაწარმოებ პროდუქტს სხვები უკეთესად აწარმოებენ და თანაც დიდი რაოდენობით. ამიტომ ჩვენ ცოტა და ხარისხიანი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რათა უცხოეთში გავყიდოთ," - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია და მისი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქციას საქართველოს თითქმის ყველა მაღაზიაში შეხვდებით.

myquiz