გია ხუხაშვილი - კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის | Allnews.Ge

გია ხუხაშვილი - კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის

კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ექსპერტის თქმით, კურსის ცვლილება შესაძლოა ხელოვნური იყოს და ის ორ შესაძლო ფაქტორს უკავშირდება - აქციზის გადასახადის გაზრდის მოლოდინში იმპორტიორი კომპანიები ცდილობენ პროდუქციის მარაგები ჯერ კიდევ არსებული აქციზის გადასახადის პირობებში გაზარდონ და კომერციული ბანკები, რომლებიც ვერ გაერკვნენ რა უნდა მთავრობას, დოლარის დაგროვების რეჟიმში გადავიდნენ.

მისივე ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკის სუბიექტური გამოძახილია, ობიექტური მიზეზი კი ისაა, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის დეფიციტის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

"კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ბანკები, რომლებსაც ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულებს მინუს 20 პუნქტით ლარში გადაიტანონ იპოთეკარების კრედიტები, ახლა დოლარს აგროვებდნენ და კურსი ხელოვნურად იზრდებოდეს. როდესაც ხელისუფლება რაღაცას ახმოვანებს, მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობს.

შედეგად კი მივიღეთ რომ პანიკა შეიქმნა. ბანკები გაუგებრობაში არიან, ვერ გაიგეს რა უნდა ხელისუფლებას. არ იციან, რა იქნება ხვალ და ზეგ და შესაძლოა, ახლა თვითონ გადავიდნენ დოლარის დაგროვების რეჟიმში," -ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვითარების სტაბილიზაციის მეტ-ნაკლებად რაციონალური დამაჯერებელი პროგრამის წარმოდგენა.

"როდესაც აჟიოტაჟი იქმნება, ხელისუფლება მობილიზებული უნდა იყოს და ყველა ინსტრუმენტს იყენებდეს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ პანიკაში არ გადავიდეს. ამ მხრივ რამეს აკეთებენ საერთოდ? ან რას აკეთებს ახლა ეროვნული ბანკი?

გასაგებია, რომ ინტერვენციები ცუდია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვალდებულია ვითარება რაღაცნაირად დააბალანსოს. პრობლემა კი არ წყდება, პირიქით, ყოველდღიურად უარესდება ამ იპოთეკარების მდგომარეობა. ცვლილებების ამოქმედების დროს უკვე ისეთი კურსი შეიძლება იყოს, მინუს 20 პუნქტით შემცირება ვერც ვერაფერს ნიშნავდეს და ვერც პრობლემას წყვეტდეს",- აღნიშნა გია ხუხაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

myquiz