"საქსტატმა" უცხოური ინვესტიციებისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა | Allnews.Ge

"საქსტატმა" უცხოური ინვესტიციებისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9% შეადგინა.

2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 3346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ამასთანავე, სამი უმსხვილესი სექტორის წილი (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წელს 58 პროცენტია.

"საქსტატის" ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება140 მლნ. აშშ დოლარით.

გარდა ამისა, "საქსტატმა" ინფორმაცია საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებაც გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარი (25 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 % შეადგინა.

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.

myquiz