როგორ შეძლო გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ეკონომიკის აღდგენა | Allnews.Ge

როგორ შეძლო გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ეკონომიკის აღდგენა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომმა, ჰიტლერის დედამიწის გადაწვის პოლიტიკის მიხედვით, შენობების 20 პროცენტი გაანადგურა.

1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 1938 წლის დონის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული საკვების ოფიციალური რაციონი დღეში 1,040 და 1,550 კალორიას შეადგენდა. 1947 წელს სამრეწველო წარმოების შედეგები 1938 წლის მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი იყო.

გარდა ამისა, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი დაიხოცა. ექსპერტებს კი მიაჩნდათ, რომ გერმანია აშშ-ის კეთილდღეობის სახელმწიფოს სარჩენი გახდებოდა. მაგრამ, ოცი წლის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევდა. ხოლო ომიდან ათ წელზე უფრო ნაკლები დროის შემდეგ ხალხი უკვე გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ლაპარაკობდა.

რამ გამოიწვია ეს ე.წ. სასწაული? ამის მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორი გახდა: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება. შემდეგი ფაქტორი 1948 და 1949 წლებში გადასახადების ზღვრული დონის მნიშვნელოვანი დაწევა იყო.

ცვლილებებამდე

1948 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, გერმანელი ხალხი ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დაუწესა, ამ გზით მის მთავრობას საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასებში შეძენა შეეძლო (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი).

1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირისაგან იყო დაკომპლექტებული, ჰიტლერის მიერ დაწესებული ფასების კონტროლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ყოველი მოკავშირე სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიის განსაზღვრულ "ზონას" აკონტროლებდა. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში კონტროლირებულ ფასებში დათვლილი ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტი იყო.

ჯერ კიდევ 1947 წელს, გერმანიის ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა - ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები მოთხოვნაზე - 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ გაზრდილ ფასებთან ერთად, დეფიციტის მიზეზი გახდა.

საკვებზე ფასების კონტროლმა წარმოქმნა დეფიციტი, შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თავად დაიწყო საკვების მოყვანა, ხოლო ნაწილი დასვენების დღეებში სოფლებისკენ მიეშურებოდა, რომ ბარტერული გაცვლის გზით პროდუქტები მოეპოვებინა.

ცვლილებები

მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, აშშ-ის ზონის სამხედრო მმართვალმა, გენერალმა ლუციუს დ. კლეიმ, მის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, 1948 წლის 20 ივნისს ფულადი რეფორმა გაატარა. ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა - ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა.

ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი, გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი. ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. უამრავ ადამიანს, რომელსაც ის შეეხო, წმინდა აქტივები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93 პროცენტით შეიზღუდა.

იმავე კვირა დღეს გერმანული ბრიტანულ-ამერიკული ეკონომიკის საბჭომ, ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალდემოკრატების წევრების საწინააღმდეგოდ, ფასების გათავისუფლების დადგენილება გამოსცა. ეს კანონი ერჰარდს ფასებზე კონტროლის გაუქმების უფლებას აძლევდა.

ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საგადასახადო განაკვეთი.

ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშ-ის სამხედრო შტაბში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა.

იგი წერდა: ექსტრემალურად მაღალი განაკვეთების დამთრგუნველი ეფექტის აღსაკვეთად, სამხედრო მთავრობის 164-ე დადგენილებამ, ფულადი რეფორმის პარალელურად, გერმანიაში არსებული გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა.

კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი (მოგების გადასახადი), რომელიც პროგრესული იყო და 35-დან 65 პროცენტამდე იცვლებოდა, წრფივი გახდა და 50 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 95 პროცენტი დარჩა, იგი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა.

კონტრასტისთვის, 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (დაახლოებით 6 000 გერმანული მარკა) შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. 1950 წელს საშუალო შემოსავლების მქონე გერმანელისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2 400 გერმანულ მარკაზე ოდნავ მეტი იყო, ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი იყო. იგივე ადამიანი, რომელიც 1948 წელს ეკვივალენტ თანხას რაიხს მარკებში იღებდა, 85-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა. იხილეთ გაგრძელება

myquiz