საქართველოში საწვავი გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში საწვავი გაძვირდა

ბოლო ხანებში საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა: თითქმის ყველა დასახელების საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის მომატებული, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას - კიდევ ხომ არ გაძვირდება საწვავი?

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ნავთობის მიმდინარე ფასებზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას:

"ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 7-8 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა. ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,06 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 48,56 დოლარი/ბარელზე. ნავთობის მიმდინარე ფასებზე შემდეგი ძირითადი ფაქტორები მოქმედებს: ბოლო პერიოდში კანადასა და ნიგერიაში ნავთობის მოპოვება და ექსპორტი შემცირდა. თუ კანადაში ნავთობის მოპოვების შემცირება ტექნიკური პრობლემებით აიხსნება, ნიგერიაში ვითარება კიდევ უფრო რთულადაა: ე.წ. ბოევიკთა დაჯგუფებამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობსადენები დააზიანა, რამაც ნიგერიაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ამავდროულად, წლის დასაწყისიდან იზრდება ნავთობის იმპორტი და მოხმარება ჩინეთსა და ინდოეთში. კერძოდ, ჩინეთში ბენზინის მოხმარება 6%-ითაა გაზრდილი.

ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 2 ივნისს გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (ოპეკი) შეხვედრაზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიმდინარე მოპოვების "გაყინვის" თაობაზე. მართალია, მსოფლიო სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე - ირანი ყოველდღიურად ზრდის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტს, ასევე გაზრდილია ნავთობის მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან და ქუვეითიდან, მაგრამ ამ ორი, მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, რომელიც წინა პერიოდში ნავთობის დაბალ ფასებს განსაზღვრავდა, ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს.

ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც ნავთობის მოხმარება და მასზე მოთხოვნილება ტრადიციულად იზრდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრის დროს:

"საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, ფასების ზრდას ჩვენთანაც აქვს ადგილი, რის გამოც, 1 ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 12-15 თეთრით გაძვირდა. საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. რომ არა ლარის გამყარება და კონკურენციის ფაქტორი, გაძვირება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა" - აცხადებს მთვრალაშვილი.

ანალიტიკოს ბექა კემულარიას შეფასებით, საწავავის გაძვირება მხოლოდ საერთაშორისო ფასებით არ არის განპირობებული:

"მსოფლიოში ნავთობის ფასმა მართლაც მოიმატა, მაგრამ ნავთობი მსოფლიოში ხან გაძვირდება და ხან - გაიაფდება. ეს მუდმივი პროცესია, ასევე ცვალებადია ლარის კურსიც, შესაბამისად, ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული ჩვენთან არსებული საწვავის ფასები, მაგრამ მთავარი მაინც კარტელში მონაწილე 5 კომპანიის ნებაა. ისინი მყისიერად მხოლოდ ნავთობის გაძვირებაზე რეაგირებენ, შემცირებით კი, ნაკლებად იწუხებენ თავს". იხილეთ გაგრძელება

ხათუნა ჩიგოგიძე

myquiz