"საქართველოში 25 ათასამდე ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს" | Allnews.Ge

"საქართველოში 25 ათასამდე ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს"

"ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს" - თუმცა საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს ისეთი ჯამაგირი, რომელსაც კაცი ვერაფრით ეყოფა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თანდათან მატულობს.

ამის დასტურია "საქსტატის" მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2015 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1011, 5 ლარი იყო, ხოლო მე-3 კვარტალში - 930, 1 ლარი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2013 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 773,1 ლარი იყო, ხოლო 2014 წელს - 818 ლარი.

ზრდა აშკარაა, მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს ზრდა, ან რამდენად ასახავს ოფიციალური მონაცემები რეალობას? - ამ საკითხის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა:

გოჩა ალექსანდრია - 2015 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები, რომელიც "საქსტატმა" ახლახან გამოქვეყნა, აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი კვლავ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი მატულობს, რჩება მრავალი პრობლემა, რადგან აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებს.

აქ საუბარია მხოლოდ 750 ათას დაქირავებით დასაქმებულზე. ამათ გარდა დასაქმებულად მიიჩნევა საქართველოში მცხოვრები მილიონამდე ადამიანი, რომელიც სინამდვილეში თვითდასაქმებულია. ერთ მაგალითს დავასახელებ: მოგეხსენებათ, რამდენი მცირე მარკეტია დღეს საქართველოში, არავინ იცის, რამდენია იქ მომუშავე კონსულტანტების ანაზღაურება, რადგან ოფიციალურ მონაცემებში ამ კატეგორიის ადამიანთა ხელფასები ასახული არ არის.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში არის 1011 ლარი და 50 თეთრი, რეალობისგან მოწყვეტილია, რადგან ის მოიცავს როგორც დაბალანაზღაურებადი კატეგორიის მუშაკთა ხელფასებს, ასევე მაღალანაზღაურებად კატეგორიასაც. თუ ცალკე ვიანგარიშებთ საშუალო და მაღალი დონის მენეჯერთა ხელფასებს და ცალკე - მუშა პერსონალის ხელფასებს, დავინახავთ, რომ ეს 1011 ლარი მუშა პერსონალისთვის მეტისმეტია.

მაგალითად, სამთო მოპოვების სფეროში საშუალო ხელფასი 1283 ლარიაო - გვეუბნება "საქსტატი", მაგრამ ჩვენ გვყავს წევრები ჭიათურაში, ტყიბულში, კაზრეთში და კარგად ვიცით, რომ იქ მუშის ხელფასის მაქსიმუმი შეიძლება იყოს მხოლოდ 700-750 ლარი.

ესე იგი, "საქსტატი" 350-400 ლარით მეტს აჩვენებს, რადგან საშუალო ხელფასის რაოდენობას მენეჯერების ხელფასებსაც ათვლის.

იგივე შეიძლება ითქვას მშენებლობაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა: ოფიციალურად, იქ საშუალო ხელფასი 1500 ლარია, რაც გადაჭარბებული ციფრია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაიყოს და დეტალურად გამოჩნდეს, როგორი ხელფასები აქვთ დაბალ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს და როგორი - მენეჯერულ პოზიციებზე მყოფთ, რადგან მათ როგორც წესი, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ.

გოჩა ალექსანდრიას შეფასებით, ხელისუფლებას არა აქვს სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც მინიმალური ხელფასის რაოდენობა უნდა განსაზღვროს: "საქართველოში სამარცხვინო მინიმალური ხელფასი გვაქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში: 1995 წელს, შევარდნაძის მიერ მიღებული კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ კვლავ ძალაშია და კერძო სექტორში ის 20 ლარს შეადგენს, ხოლო საჯარო სექტორში რამდენჯერმე გაიზარდა და 2007 წელს 135 ლარი გახდა.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. თუ შევადარებთ, კარგად დავინახავთ, რამხელა სხვაობაა საშუალო ხელფასსა და ამ ციფრებს შორის. ახლანდელ მთავრობასაც, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მინიმალური ხელფასის გასაზრდელად.

ჩვენ სპეციალური კვლევა ჩავატარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს საქართველოში აქვს საარსებო მინიმუმზე ანუ 163 ლარზე ნაკლები ხელფასი, ხოლო 100 ლარზე ნაკლები - 25 ათასს. თვითდასაქმებულთა ხელფასებზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ბევრ მათგანს აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება. სამაგიეროდ, სახელმწიფო სექტორში აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასები და ეს ყველამ იცის.

როგორც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ მეჭიაური, ამბობს, "კერძო სექტორის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ამიტომ, თვითონ ბიზნესი განსაზღვრავს ხელფასების ოდენობას. რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს, თუ ძალიან დიდი იქნება ხელფასებს შორის სხვაობა კერძო და სახელმწიფო სექტორში, მაშინ სახელმწიფო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინება დაიწყება. ამიტომ, უსასრულოდ არც ხელფასის შემცირება შეიძლება და არც - გაზრდა.

კვალიფიციური კადრების გადინება კარგს არაფერს მოგვიტანს.  იხილეთ გაგრძელება

myquiz