ყველაზე ცნობილი საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში | Allnews.Ge

ყველაზე ცნობილი საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში

 

საოჯახო ბიზნესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების გავრცელებული ფორმაა. ბევრი კომპანია თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა, ზოგი მის მართვას წარმატებით ართმევს თავს, ზოგიც - ვერ. ჩვენ რამდენიმე ცნობილი საოჯახო ბიზნესის ისტორია გვინდა გაგაცნოთ.

Salvatore Ferragamo

სალვატორე ფერაგამო ღარიბი იტალიელების ოჯახში 1898 წელს დაიბადა. სალვატორე მე-11 იყო 14 შვილიდან, ფეხსაცმელს მის ოჯახში ბავშვები მხოლოდ დღესასწაულებზე იცვამდნენ. ბიჭუნა მეწაღეობაზე ოცნებობდა და უკვე 9 წლის ასაკში თავისი დისთვის შექმნა ფეხსაცმელი, 2 წლის შემდეგ კი ნეაპოლის საუკეთესო მეწაღესთან მოეწყო დამხმარედ. მომავალი გენიოსი 15 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ძმასთან ერთად გაემგზავრა ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ, 10 წლის შემდეგ კი მეორე ძმასთან, სანტა-ბარბარაში გადავიდა საცხოვრებლად, ფეხსაცმლის ფარდულში სამუშაოდ.

სალვატორე ოცნებობდა, რომ ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოხერხებული ყოფილიყო.

მას სწამდა, რომ არავითარ მანქანას არ ძალუძს იდეალური წყვილის შეკერვა - მხოლოდ ადამიანის ხელებს შეუძლია შედევრის შექმნა.

მიუხედავად ამისა, ფერაგამო თვალს ადევნებდა სიახლეებსა და ტექნოლოგიებს, რათა ფეხსაცმლის თითოეული წყვილი მეტად დაეხვეწა.

იმ დროისთვის ცნობილმა რეჟისორმა სესილ მილმა ფერაგამოს ვესტერნისთვის 100 წყვილი კოვბოური ჩექმა შეუკვეთა. მილი შედეგით კმაყოფილი დარჩა და მთელი ფილმისთვის შეაკერინა სალვატორეს ფეხსაცმელი. კინოში აღიარების მიღების შემდეგ სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმლით ყველაზე ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ. 1923 წელს დიზაინერს მეტსახელად "ვარსკვლავური მეწაღე" შეარქვეს და იგი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად.

1928 წელს დაარდა ბრენდი Salvatore Ferragamo, სადაც 60 ადამიანი მუშაობდა. დიდი დეპრესიის წლებმა ფერაგამოს საქმე ბანკროტამდე მიიყვანა, მაგრამ 1936 წელს დიზაინერმა ახალი ძალებით განაგრძო კვლავ მუშაობა. 1960 წელს ფერაგამო გარდაიცვალა, საქმე კი მეუღლეს, ვანდას დაუტოვა. მალევე მმართველობა მათ 6 შვილს გადაეცა. დღესდღეობით Salvatore Ferragamo ფეხსაცმლის გარდა, ტანსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიასა და სამკაულს უშვებს. ბრენდს 450 ბუტიკზე მეტი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Salvatore Ferragamo დღემდე ცნობილი ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად რჩება.

Benetton

1945 წელს 10 წლის ლუჩანო ბენეტონს მამა გარდაეცვალა და ოჯახში უფროსი მამაკაცის როლი ერგო. დიდი ოჯახის სარჩენად, სკოლაში სწავლის მიტოვებამ და გაზეთების დამტარებლად მუშაობამ მოუწია. ლუჩანოს 2 უმცროსი ძმა და და ჰყავდა. 14 წლის ბიჭუნა უკვე მაღაზიის გამყიდველის თანაშემწე გახდა ტრევიზოში. ერთხელ ლუჩანო სამსახურში დის მიერ მოქსოვილ მკვეთრ ყვითელ სვიტერში გამოცხადდა და თანამშრომლებში დიდი ფურორი მოახდინა. მოზარდმა მას შემდეგ სვიტერების საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

იტალიაში სვიტერებს, ფაქტობრივად, ყოველ ოჯახში ქსოვდნენ. თუმცა, მათ მხოლოდ პენსიონერები ატარებდნენ, ამიტომაც შალის ნაწარმი უმეტეს წილად შავი და ნაცრისფერი ფერის იყო. ახალგაზრდობას მოდურ ტანსაცმელზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა და მხოლოდ ლუჩანოს მოუვიდა აზრად, შეემოსა მოზარდები სხვადასხვა კაშკაშა ფერის "ბაბუების სვიტერებში".

თავიდან სვიტერებს და, ჯულიანა ქსოვდა, თუმცა შეკვეთებს ვერ აუდიოდა და ამიტომ ოჯახს საწარმოს დაქირავება და დამხმარეების აყვანა მოუწია. თავად ლუჩანო მზა პროდუქციას მაღაზიებში აბარებდა. მოთხოვნა ნაწარმზე დღითიდღე იზრდებოდა, ამიტომ ლუჩანო შოტლანდიაში - "შალის" მოდის კანონმდებელ ქვეყანაში გაემგზავრა დასახელოვნებლად.იხილეთ გაგრძელება