საქართველო "გაზპრომთან" შეხვედრებს გააგრძელებს | Allnews.Ge

საქართველო "გაზპრომთან" შეხვედრებს გააგრძელებს

სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ვალიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და რაოდენობას.

"ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მარიამ ვალიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

"აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომელიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება ფასებს, საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობებს, ასევე ტექნიკურ დეტალებს. გაჟღერებულიც იყო, რომ ოპტიმიზაციაზე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. 29 თებერვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აფხაზეთს ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა. ამასთან, ვალიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით ყველა მხარე კმაყოფილია.

"ფასებს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან შეღავათიან ფასად ვიღებთ. ეს იყო პირობა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის, რომელიც არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება. გაზრდილი მოხმარების და სხვა ფაქტორების გამო, ენგური და "ვარდნილჰესი" ვერ უზრუნველყოფდა აფხაზეთის მომხმარებლის დაკმაყოფილებას და მინიმუმ ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა. კეთილი ნება გამოვხატეთ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და რუსეთთან მოვილაპარაკეთ, რომ დამატებითი მოცულობების მიწოდება აფხაზეთში შეღავათიან ფასში მოხდეს პირველ აპრილამდე. ამ შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია", - განაცხადა ვალიშვილმა.

myquiz