18.08.2017 / 09:57
შრიფტის ზომა:

რომელია 4 ქართული ფილმი, რომელიც წელს ოსკარზე კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფრმაციით, ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს, ესენია - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები - ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), "მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), "საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და "ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე).

"რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.