18.08.2017 / 09:34
შრიფტის ზომა:

რა არის ცნობილი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

Player load error!

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. აღნიშნულის შესახებ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება საკუთარი მედიასაშუალების, Amaq-ის მეშვეობით გააკეთა.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.

ბარსელონაში მყოფი ქართველები გუშინ მომხდარ ტერაქტს იხსენებენ

ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ ესპანეთს ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა. "გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს თავდასხმა შეეხო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას. ევროკავშირი ერთიანია ტერორიზმთან ბრძოლაში და მშვიდობის დაცვაში", - დაწერა მან.

ეუთო-ს თავმჯდომარე და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი კი აცხადებს, რომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი მკაცრ დაგმობას იმსახურებს. "უმკაცრესად ვგმობ ამ საზარელ ტერაქტს, რომელიც უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ტერორიზმი არ გაიმარჯვებს", - აღნიშნა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებს. "ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას ბარსელონაში. ჩემი აზრებით იმათთან ვარ, ვინც დაშავდა. ჩვენ ესპანეთთან ერთად ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში", - დაწერა იენს სტოლტენბერგმა.

მომხდარს გმობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. "აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, დახმარების გასაწევად. ძლიერად იდექით. გვიყვარხართ", - წერს ტრამპი "ტვიტერის" პირად გვერდზე.