26.07.2017 / 11:52
შრიფტის ზომა:

ახტალა, ბახმარო, გონიო - რა დაავადებების სამკურნალოდ უნდა ვეწვიოთ საქართველოს კურორტებს

საქართველოს ყველა კუთხე სულ მცირე ერთი კურორტით მაინც არის ცნობილი. ზოგიერთ რეგიონში კი, როგორც მთის, ასევე ბარის რამდენიმე კურორტიცაა. სეზონების მიხედვით განსხვავებულია ტურისტთა აქტივობა. მათ რაოდენობას ხშირად ხარისხი, ინფრასტრუქტურა და ფასი განსაზღვრავს.

კურორტების ნაწილი ოთხივე სეზონზეა პოპულარული, ზოგი მათგანი კი სეზონურია.

ტურისტული თვალსაზრისით აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ტიპის რაიონია ზამთრისა თუ ზაფხულის სეზონზე. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვაზეც და მთაშიც.

ზღვის კურორტებიდან პოპულარულია ქობულეთი, ბათუმი, სარფი, გონიო და კვარიათი. მათ პოპულარობას კერძო და საოჯახო სასტუმროების მრავალფეროვნება განაპირობებს, სანაპირო ზოლში ოთახის დაქირავება საშუალოდ 15 ლარიდანაა შესაძლებელი. თუმცა, არის ძვირადღირებული სასტუმროებიც.

ზღვის კურორტებს ხშირად მკურნალობის მიზნითაც სტუმრობენ. ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია და ენდოკრინული დაავადებები, შავი ზღვის კურორტი საუკეთესოა. უცხოელი ვიზიტორებისთვისაც ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

გურიაში რამდენიმე კურორტია, მათგან ყველაზე პოპულარული ურეკი და ბახმაროა, რომლებსაც ზაფხულის სეზონზე სტუმრობს დამსვენებელი.

ურეკი განსაკუთრებით კარგია მცირე ასაკის დამსვენებელთათვის, რადგან ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა.

ურეკის ქვიშა ქმნის მაგნიტურ ველს და სამკურნალოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებები, ტრავმის შედეგად დაზიანებული ძვლის აღსადგენად და სხვა. აქ საკურორტო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

გურიაში პოპულარულია ასევე ბახმარო, მას ძირითადად აჭარისა და გურიის მცხოვრებლები სტუმრობენ. აქ დამსვენებლებს ძირითადად საკუთარი სახლები აქვთ, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია აშენდა სასტუმროებიც.

ეს კურორტი კარგია სუნთქვის ორგანოთა არატუპერკულოზური დაავადებებისთვის, სისხლნაკლებობისთვის, ნევრასთენიისთვის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი აქაც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

სამეგრელოს კურორტთაგან ყველაზე პოპულარულია ანაკლია. აქ შეგიძლიათ როგორც ადგილობრივებთან, ასევე სასტუმროებში დაისვენოთ. არის რეკრეაციული ადგილებიც: ბულვარი, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება, აკვაპარკი, რესტორნები, ამფითეატრი და საზღვაო კურორტის ინფრასტრუქტურისთვის დამახასიათებელი სხვა დაწესებულებები.

სვანეთის კურორტი მესტია უკვე დიდი ხანია რაც საზღვრებს გასცდა პოპულარობით. აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის. უკვე გაყვანილია გზა და ინფრასტრუქტურაც კარგად არის მოწყობილი. განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი, ჰაწვალში სამი სათხილამურო ტრასაა გახსნილი. სამკურნალო თვისებებით ხასიათდება ჰაერი და მინერალური წყლები.

რაც შეეხება რაჭას, აქ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მინერალური წყლებია. განსაკუთრებით შოვსა და უწერაში. მკურნალობის სახეობებიდან მინერალური წყლის აბაზანებთან ერთად პასიური კლიმატოთერაპიის გავლაა შესაძლებელი. შოვსა და უწერაში ჩასვლა რეკომენდირებულია სუნთქვის ორგანოებისათვის, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

აქ შეგიძლია გაჩერდეთ როგორც სასტუმროში, ასევე კოტეჯებში და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებში.

იმერეთის კურორტთაგან გამოირჩევა საირმე და წყალტუბო.

საირმეში მინერალური წყლების ოთხი ბიუვეტია (მინერალურ წყალზე მოწყობილი ნაგებობა) მოწყობილი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აქ სასტუმროებთან ერთად განთავსებულია კლინიკა და სპა-ცენტრები, სადაც შეგიძლიათ კონსულტაციის გავლა.

ეს კურორტი განსაკუთრებითაა კეთილმოწყობილი ტურისტთათვის. აქ არის სხვადასხვა ტიპის სასტუმრო, რომლებიც მრავალფეროვან პაკეტს სთავაზობენ დამსვენებელს. ოთახის ქირის ფასი 15-დან 200 ლარამდე მერყეობს.

აქვეა რეკრეაციული ზონაც, საბავშვო მოედანი, კინოთეატრი, კაფეტერიები და სხვა.

საირმე მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს, თუმცა განსაკუთრებული აქტივობა ზაფხულში იგრძნობა.

სამცხე-ჯავახეთში თითქმის ერთნაირი პოპულარულობით სარგებლობს ბორჯომი და ბაკურიანი. ეს კურორტები ყველა სეზონზე იღებს დამსვენებელს.

ბორჯომი ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლით, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქვის აბაზანები, რაც იმის დასტურია, რომ მას სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებენ.

ინფრასტრუქტურა მოწყობილია დამსვენებელთათვის. კეთილმოწყობილ სასტუმროებთან ერთად არის რეკრეაციული ზონაც, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულთათვის.

ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ბევრ უცხოელ დამსვენებელს იღებს და განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში. მკურნალობის სახეობებია პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები. სასარგებლოა სუნთქვის ორგანოთა დაავადებებისათვის და სისხლნაკლებობისათვის.

აქ ბევრი სასტუმროა, მათი ფასი 15-დან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს. კურორტზე ნებისმიერი კონტიგენტის დამსვენებლისთვის მოიძებნება როგორც დასასვენებელი, ასევე გასართობი ადგილები, ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, აუზები. ტურისტებს შეუძლიათ კვადროციკლებითა და ბურანებით ექსტრემალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

კურორტი სურამი შიდა ქართლში მდებარეობს. აქ ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებია, მათი ფასი 10 ლარიდან იწყება და იზრდება სასურველი პაკეტის მიხედვით. იგი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება სახსრების ქრონიკული დაავადების, ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა დაავადებული პაციენტებისთვის.

ქვემო ქართლში გამოირჩევა კურორტი მანგლისი, რომელიც თბილისთან საკმაოდ ახლოს - 60 კმ-ში მდებარეობს. იგი განსაკუთრებით პოპულარული მაისის თვეშია, ვინაიდან ამ დროს ყვავილობს ფიჭვი, რომლის მტვერიც სამკურნალოა. აქაური ჰაერი სასარგებლოა ფილტვის ტუპერკულოზური და არატუპერკულოზური ქრონიკული დაავადებებისთვის, ასევე ბრონქული ასთმისთვის. მანგლისის შემოგარენში მრავლად არის მტკნარი და მინერალური წყაროები, თუმცა მათი თვისებები ჯერ მეცნიერულად შესწავლილი არ არის.

აქ საოჯახო ტიპის სასტუმროებია. თუმცა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.

კახეთში კი პოპულარულია კურორტი ახტალა. იგი ტალახით მკურნალობის ერთადერთი კურორტია საქართველოში. მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. აქ დამსვენებლებს ივნისიდან ნოემბრამდე შეუძლიათ ჩასვლა. აქ არის სანატორიუმი, სადაც ექიმის კონსულტაციით შეგიძლიათ ამა თუ იმ ტალახის პროცედურის ჩატარება. დღიური ბინისა და მკურნალობის ხარჯები კი საშუალოდ 50-80 ლარია.

 

ნათია ჯიჯავაძე

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgia’s top resorts for curing various diseases